ალეკო ელისაშვილი - საარჩევნო ცვლილებები რევოლუციურია, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიწროპარტიულ ინტერესს ყველამ უნდა გადააბიჯოს და ერთჯერადად მაინც შემოვიდნენ პარლამენტში
ალეკო ელისაშვილი - საარჩევნო ცვლილებები რევოლუციურია, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიწროპარტიულ ინტერესს ყველამ უნდა გადააბიჯოს და ერთჯერადად მაინც შემოვიდნენ პარლამენტში

საარჩევნო ცვლილებები არის გადაუჭარბებლად ისტორიული და რევოლუციური, – ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

ელისაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიწროპარტიულ ინტერესს ყველამ უნდა გადააბიჯოს და ერთჯერადად მაინც უნდა შევიდნენ პარტიები პარლამენტში.

„ერთი დღე გვაპატიეთ, პირველი მარტის ნაცვლად, ორ მარტს დაინიცირდება. ეს საარჩევნო ცვლილებები არის გადაუჭარბებლად ისტორიული და რევოლუციური. ერთი თვე ვმუშაობდით, შედეგი აგერ არის. მემორანდუმი უკვე კანონპროექტად იქცა. და სანამ კანონად იქცევა, ყველას მოგიწოდებთ, უფრო აქტიურად ჩაერთოთ განხილვებში.

თუ არ დაგეზარებათ, დეტალურად საარჩევნო ცვლილებები:

– ცესკო-ს კომისიები, ყველა დონეზე დაკომპლექტდება ახალი წესით. ყველა პარტიას ეყოლება ცენტრალურ და საოლქო კომისიაში საკუთარი წევრი, უბნებზე ყველას- წარმომადგენელი, რომელსაც ცესკო გადაუხდის თავად ხელფასს, რაც ყველა შეზღუდული რესურსის მქონე პარტიას მნიშვნელოვნად დაეხმარება, საკუთარი ხმები დაიცვას

– ადამიანების იდენტიფიკაცია, ამ კანონმდებლობით შესაძლებელი იქნება, რომ თითის ანაბეჭდით მოხდეს და არა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, რითაც უფრო მარტივად ავიცილებთ თავიდან კარუსელებს.

– ხმების დათვლა შესაძლებელი იქნება ელექტრომანქანებით, რითიც ოქმების გადაჯღაბნა და შესწორება შეუძლებელი გახდება.

– თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება ყველგან ბუნებრივი ბარიერი და გაზრდილი პროპორციული პრინციპი, თბილისსა და დიდ ქალაქებში 4/1 -ზე პრინციპით (40 პროპორციული, 10 მაჟორიტარი) და დანარჩენ მუნიციპალიტეტებში 2/1-ზე.

– ვალდებულება ეკისრება საოლქო კომისიებს, რომ უბნების სულ მცირე 10 % მაინც გადათვალოს, შესაბამისად დაუკმაყოფილებელი საჩივრები, რომ აღარ გადათვლიან, ვეღარ გვექნება.

– საჯარო მოხელეები, პედაგოგები, საბავშო ბაღის მასწავლებლები ვერ მიიღებენ მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში. დაისჯება 2000 ლარიანი ჯარიმით.

– ცვლილებებით, დაუშვებელი ხდება, კენჭისყრის დღეს შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, რაც არჩევნების დღეს „ძველი ბიჭების“ ინსტიტუტს“ შეასუსტებს. ეს ყველაფერი 2000 ლარიანი ჯარიმით დაისჯება.

– ერთადერთი საკითხი, რაც ღია რჩება, ეს საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის დაწევაა, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიწროპარტიულ ინტერესს ყველამ უნდა გადააბიჯოს და ერთჯერადად მაინც უნდა შემოვიდნენ პარტიები პარლამენტში, რომ მომდევნო არჩევნებზე დაირღვეს პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, თორემ 2024 წელს მაღალი ბარიერის პირობებში, პარლამენტში მხოლოდ ისევ ორი დიდი პოლიტიკური ძალა მოხვდება და კიდევ უფრო დავშორდებით მრავალპარტიული პარლამენტის და ევროპული ყაიდის სახელმწიფოს იდეასაც“, – წერს ალეკო ელისაშვილი „ფეისბუქში“.

პარლამენტს საარჩევნო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი დღეს წარედგინება.

ერთი დღე გვაპატიეთ, პირველი მარტის ნაცვლად, ორ მარტს დაინიცირდება. ეს საარჩევნო ცვლილებები არის გადაუჭარბებლად ისტორიული…

Posted by ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili on სამშაბათი, 02 მარტი, 2021