ალეკო ელისაშვილი - ჩემთვის კეზერაშვილი და გიგი უგულავა არიან კორუფციის ფორმულები
ალეკო ელისაშვილი - ჩემთვის კეზერაშვილი და გიგი უგულავა არიან კორუფციის ფორმულები

სააკაშვილი პატიმარია და არ მინდა მასზე საუბარი. ერთადერთხელ შევაფასე, როდესაც ის პირველად გამოვიდა საჯაროდ, საათ-ნახევარი ისაუბრა და მაშინ დაგვიდასტურა, რომ არ შეცვლილა, სინანულის განცდის ნატამალი არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უხარია, რომ სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა, საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს.

„ეს იყო ბოლოჯერ, როდესაც ვისაუბრე სააკაშვილზე, მის პოზიციაზე, მის გამოსვლაზე და ასე შემდეგ. მიხარია, რომ მას აქვს შესაძლებლობა, უფლება, დაესწროს საკუთარ პროცესს და ამ მხრივ „ქართულმა ოცნებამ“ გამოასწორა ვითარება, ეს კარგია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, სააკაშვილის დროს ხდებოდა ელიტური კორუფცია, რომლის ლიდერები იყვნენ უგულავა და კეზერაშვილი.

„ჩემთვის კეზერაშვილი და გიგი უგულავა არიან კორუფციის ფორმულები. კორუფციის ფორმულები, ერთიც და მეორეც, გახრწნილი, კორუმპირებული ჩინოვნიკი. ერთმა საერთოდ ომში ჩვენი დამარცხებით მოითბო ხელი, იხეირა და მილიონები იშოვა. რა თქმა უნდა, ეს ხალხი იყვნენ სააკაშვილის ხელისუფლების სახეები და ერთ-ერთი გავლენიანი წევრები. ასე რომ, რა თქმა უნდა, სააკაშვილის დროს ქვედა და შუა რგოლში არ იყო კორუფცია, მაგრამ იყო ელიტური კორუფცია. ამ ელიტური კორუფციის ერთ-ერთი ლიდერები იყვნენ აწ უკვე ნახსენები ბატონი უგულავა და კეზერაშვილი, რომელსაც თავდაცვის მინისტრობამდე ხელფასი ჰქონდა და შემდეგ უცებ ბიზნესმენი გახდა, რა თქმა უნდა, კორუფციის გზით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.