ალეკო ელისაშვილი - რეალობა ის არის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ოპოზიცია დღეს ალბათ ყველაზე მძიმე დღეშია
ალეკო ელისაშვილი - რეალობა ის არის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ოპოზიცია დღეს ალბათ ყველაზე მძიმე დღეშია

ოპოზიციაში ერთმანეთს რომ აკრიტიკებენ, ნორმალურია, თუმცა რეალობა ის არის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ოპოზიცია დღეს ალბათ ყველაზე მძიმე დღეშია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „მოამბეში“ განაცხადა.

ელისაშვილმა უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა ოპოზიციურ პარტიებს შორის და რა უშლის ხელს ერთიანობის ჩამოყალიბებას.

„მითი არის ერთიანობა. ჩვენც გვჯეროდა, რომ ამით შეიძლება რაღაც ოპოზიციური ერთიანობა იყოს, მაგრამ ოპოზიციაში ორი მთავარი პრობლემაა. ერთი, რომ არავინ ფიქრობს გეგმებზე. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ თუ განსხვავებულად აზროვნებ, ხარ დამნაშავე, აგენტი, მოსაკლავი და ჩასაქოლი. ზოგიერთი ოპოზიციაში თავს დიდ ლიბერალობაზე დებს და არსიც კი ვერ გაუგია ლიბერალობის და ის, რომ ყველა შენნაირად არ ფიქრობს, არ ნიშნავს რაღაც უპრინციპობას და ა.შ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავის ტკივილი ჩვენი საზოგადოებისაც და განსაკუთრებით ჩვენი პოლიტიკური სპექტრისაც, რომ განსხვავებული აზრის მიუღებლობაა.

გეგმებს რაც შეეხება, რასაც ჩვენ ვადევნებდით თვალყურს და რა პროცესშიც ვმონაწილეობდით, ჩვენი პარტიიდან სულ ვსვამდით კითხვას, გვითხარით გეგმა, ამ ნაბიჯს რა მოჰყვება, მეორე ნაბიჯს რომელი მესამე ნაბიჯი მოჰყვება და მიგვიყვანს თუ არა ეს გზა მიზნამდე. როგორც კი ამ საკითხს სვამ ოპოზიციაში, რაღაც ზღაპრებს გიყვებიან, მიედებიან-მოედებიან, ამიტომ ვართ ჩვენ დისტანცირებული, ამიტომ გვაქვს ჩვენი პოზიცია ყველაფერთან მიმართებით და აღარ ვიტყუებთ თავს იმ ილუზიებით, რომ შესაძლებელია ოპოზიციური ერთობა. ეს ამბავი ჩვენ დიდად არ გვადარდებს. ის, რომ ერთმანეთს აკრიტიკებენ, ნორმალურია, თუმცა რეალობა ის არის, რომ ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში დღეს არის ალბათ ყველაზე მძიმე დღეში. რატომ, რადგან ადამიანები ვერ ხედავენ, რომ კონკრეტული გეგმაა და კონკრეტული ხედვაა და რასაც ლაპარაკობენ ოპოზიციონერები, ჩემი კოლეგების დიდი ნაწილი, იმას არანაირი გეგმა და ხედვა არ მოჰყვება. უბრალოდ რაღაცებს იძახიან და შემდეგ არის დიდი იმედგაცრუებები, რაც აძლიერებს „ქართულ ოცნებას“. თუ ვინმე ხეირობს და ძლიერდება, ისევ „ქართული ოცნებაა“. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ვმუშაობთ, რომ ეს ქვეყანა იყოს უკეთესი და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. მჯერა, რომ ხალხი ყველაფერს ხედავს და არჩევნების დღე რომ მოვა, ყველაფერს დააფასებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.