ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არ ეძებენ გზებს პოლარიზების შესამცირებლად, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება უკვე ნებისმიერი შეთანხმების ფორმატის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანია
ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არ ეძებენ გზებს პოლარიზების შესამცირებლად, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება უკვე ნებისმიერი შეთანხმების ფორმატის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანია

„მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია პარლამენტში 29 იანვრის შეთანხმების საფუძველზე შევიდა, დიდ უპასუხისმგებლობად მიაჩნიათ „ქართული ოცნების“ მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ანულირება.

მისივე თქმით, ასევე დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომელმაც უარი განაცხადა შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე, რითაც ხელი შეუწყო მმართველ პარტიას, ცალმხრივად უარი ეთქვა ნაკისრ ვალდებულებებზე.

„ესაა ამ პოლიტიკურ ვითარებაში პარტია „მოქალაქეების“ პოზიცია:  მიუხედავად იმისა, რომ პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტში შემოვედით 29 იანვრის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც გაფორმდა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, დიდ უპასუხისმგებლობად მიგვაჩნია „ქართული ოცნების“ მხრიდან ამდენი ხნის წვალების შემდეგ მიღწეული შეთანხმების ანულირება. ეს არის უპასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოების და ყველა იმ პარტიის წინაშე, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს და მონაწილეობენ ამ დოკუმენტის ყველა პუნქტის შესრულებაში.

ასევე დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა, სიდიდით მეორე პოლიტიკურმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომელმაც უარი განაცხადა შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე, რითაც ხელი შეუწყო მმართველ პარტიას ცალმხრივად უარი ეთქვა ნაკისრ ვალდებულებებზე. ფაქტია, რომ როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა “არ ეძებს გზებს პოლარიზების შესამცირებლად, რის გამოც ჩვენზე, სხვა პოლიტიკურ პარტიებზე პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მეტია.

თუ თვალს გადავავლებთ ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება უკვე ნებისმიერი შეთანხმების ფორმატის შენარჩუნებაზე უფრო მნიშნელოვანია. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე ამ ორი პარტიის გარდა, სხვების მონაწილეობა, რადგან როგორმე საბოლოოდ უნდა გავარღვიოთ ეს პოლარიზება, რაც სინამდვილეში ქვეყნის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს“, – წერს ალეკო ელისაშვილი პარტიის სახელით სოციალურ ქსელში.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

ამასთან, კობახიძის თქმით, მზად არიან, რიგგარეშე არჩევნები არა 43 პროცენტის, არამედ ხმების 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დანიშნონ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავენ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. მისივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ხელისუფლების კეთილი ნებით, კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად.

დატოვე კომენტარი