ალეკო ელისაშვილი - პოლიტიკოსები დახურულ კარს მიღმა კი ნუ კეკლუცობენ, საჯაროდ თქვან, აწერენ თუ არა ხელს დოკუმენტს
ქართველი პოლიტიკოსებისთვის, პარტიების თავმჯდომარეებისთვის, პოლიტიკური ლიდერებისთვის ძალიან სამარცხვინოა, რომ ასეთ რაღაცას ვისმენთ, ევროპარლამენტის შვიდმა წევრმა განცხადებას ხელი მოაწერა, – ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი რამდენიმე ევროპარლამენტარის სახელით გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ისინი საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.
ელისაშვილი აცხადებს, რომ დასავლური თანამეგობრობის თვალში საქართველოს მხოლოდ იმიჯი კი არ ზიანდება, არამედ ფინანსურ სანქციებზეა საუბარი.
„სირცხვილთან ერთად, ჩვენი მხრიდან უპასუხისმგებლობა და დანაშაულია ის, რომ ჩვენი გაჯიქების გამო, დასავლური თანამეგობრობის თვალში საქართველოს მხოლოდ იმიჯი კი არ ზიანდება, არამედ ფინანსურ სანქციებზეა საუბარი. წარმოიდგინეთ, როგორი დარტყმა იქნება 60 მილიონი ევროს შეჩერება ასეთ ღარიბ და პანდემიის გამო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, რომელიც ინსტიტუციურ რეფორმას უნდა მოხმარებოდა და ოქტომბერში უნდა ჩარიცხულიყო.
როგორც ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარე, მივმართავ ყველას, ვინც კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდა, თითოეული პარტია ინდივიდუალურად გამოვიდეს და თქვას, აწერს თუ არა ხელს იმ დოკუმენტს, რომელიც დანიელსონმა მაგიდაზე დადო.
დახურულ კარს მიღმა პოლიტიკოსები ერთს ლაპარაკობენ, მერე გარეთ გამოდიან, აბსოლუტურად სხვას იძახიან და შემდეგ სხვას აბრალებენ. გამოვიდნენ, როგორც მმართველი პარტიის, ასევე სხვა დანარჩენი პარტიის თავმჯდომარეები და თქვან, დოკუმენტს აწერენ თუ არა ხელს. ჩვენ პარლამენტში ვართ, მაგრამ ამ დოკუმენტს ხელს ვაწერთ. ეს ქვეყანა უფსკრულში იჩეხება. უკვე ფეხი დაგვიცურდა და უფსკრულისკენ მივექანებით. თუ ამას ვინმე ვერ ხვდება, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია. დახურულ კარს მიღმა კი ნუ კეკლუცობენ, საჯაროდ თქვან, რას აპირებენ. მოქალაქეები იმსახურებენ იმას, ამა თუ იმ პარტიის პოზიცია ღიად დააფიქსირონ“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.