ალეკო ელისაშვილი - ორი ადამიანი ვცდილობთ, პარლამენტში ხალხის პრობლემებზე ვისაუბროთ, ოპოზიცია სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი
ალეკო ელისაშვილი - ორი ადამიანი ვცდილობთ, პარლამენტში ხალხის პრობლემებზე ვისაუბროთ, ოპოზიცია სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი

ლოგიკურია, რომ პარლამენტი არის ერთგან, პოლიტიკური პროცესი მეორეგან და ხალხი არის მიტოვებული თავის პრობლემებთან, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ენდიაის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია პარლამენტში სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრონ.

„ჩვენ, ორი ადამიანი ვცდილობთ, პარლამენტში ისმოდეს ხალხის პრობლემები, სულ ვცდილობთ მათგან რა გასაჭირიც გვესმის, ამაზე ვისაუბროთ. მაგალითად, ხვალ ძალიან საინტერესო პრესკონფერენცია გვექნება პენსიებთან დაკავშირებით და ვიტყვით, რა ყაჩაღური სქემა აქვს შემუშავებული „ლიბერთი ბანკს„ და როგორ შეიძლება ეს სქემა დაინგრეს, რათა პენსიონრებმა შვება იგრძნონ და არ ძარცვავდეს ეს ბანკი. ხალხის განწყობაც ადასტურებს, რომ ეს არის შესაცვლელი, პოლიტიკა, პოლიტიკოსები და პოლიტიკური ინსტიტუციები უნდა იყოს ხალხის სამსახურში და არა მარტო თავისი ოჯახური კეთილდღეობის მოწყობისთვის. პარლამენტი არის ერთგან, ხალხის პრობლემები მეორეგან, რადგან „ქართული ოცნება“ ვიცით, რომ აცდენილია ხალხის პრობლემებს და იმ დაბურული ჯიპებიდან ძალიან სხვანაირად – უფრო ლამაზად ჩანს რეალობა, ვიდრე სინამდვილეში არის. ამიტომაც ოპოზიციაც სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი და ყველამ თავის წილ დარდზე და ხალხის პრობლემებზე ვისაუბროთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.