ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციიდან დილით ვიღაცას ხინკლის ჭამა ან ხაში მოუნდება, მოვა და იტყვის, ბოიკოტში ვარო, ეს სწორი საქციელი არ არის
ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციიდან დილით ვიღაცას ხინკლის ჭამა ან ხაში მოუნდება, მოვა და იტყვის, ბოიკოტში ვარო, ეს სწორი საქციელი არ არის

ზოგადად, საპროტესტო აქცია ინსტრუმენტია სამოქალაქო და პოლიტიკური ბრძოლის, რაც არეულობასა და დარბევაში არ უნდა იზრდებოდეს. აქციას მიზანი უნდა ჰქონდეს და შედეგზე გათვლილი უნდა იყოს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „ბოიკოტი უკვე ანეკდოტის თემა გახდა“.

„აქციებს, რომელსაც ახლა „ნაცმოძრაობა“ მართავს, რა მიზანი აქვს? ხელისუფლების გადაყენება უნდათ და არაფერი ეტყობა, რომ ხელისუფლება გადადგომას აპირებს. ამით ვერც სააკაშვილს იხსნიან. ხელისუფლებას დისკომფორტს ვუქმნითო და დისკომფორტს მხოლოდ პატიოსან პოლიციელებს უქმნიან, რომელთაც ამ სიცივეში დაარბენინებენ. მათ აქციებზე 5-50 კაცი დადის. არჩევნებზე უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვუგოთ „ქართულ ოცნებას“ და მას სტრატეგია უნდა დავუპირისპიროთ. ბოიკოტი უკვე ანეკდოტის თემა გახდა. ამ დღეებში არ შემხვედრია ადამიანი, ვინც ამ ყველაფერზე არ იცინოდეს და არ ამბობდეს, რომ მუშაობა ეზარებათ. ოპოზიციიდან ვიღაცას ხინკლის ჭამა მოუნდება, დილით მოვა და იტყვის, ბოიკოტში ვარო. ან „პახმელიაზე“ ხაში მოუნდება და ბოიკოტს გამოაცხადებს, ეს სწორი საქციელი არ არის. პატიოსანი გადაწყვეტილება იქნება, თუ ვინმე ბოიკოტს გამოაცხადებს, ხელფასი და პარტიული დაფინანსება არ აიღოს. სხვა მხრივ, ეს ხალხის აბუჩად აგდებაა, რადგან ხალხი სიცივესა და სიცხეში ორი კაპიკისთვის წვალობს. ამ დროს დეპუტატს ათასიანი ხელფასები აქვს და მიკროფონის ჩართვა და სამი სიტყვის თქმა ეზარება“, – განაცხადა ელისაშვილმა.