ალეკო ელისაშვილი - ნიკა მელია ზღვარს გასცდა ჩემთან მიმართებაში, თუმცა მძიმე ემოციური ფონი აქვს და ამით გავამართლებ მის ქმედებას
ალეკო ელისაშვილი - ნიკა მელია ზღვარს გასცდა ჩემთან მიმართებაში, თუმცა მძიმე ემოციური ფონი აქვს და ამით გავამართლებ მის ქმედებას

მინდა ყველა კოლეგას, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს გთხოვოთ, რომ არ გაიზიაროთ პროკურატურის შუამდგომლობა. ჩვენ თუ გვინდა, ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ოპოზიციური პარტიის არც წარმომადგენლებს და მით უფრო, თავმჯდომარეებს იმუნიტეტს არ უნდა უხსნიდნენ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „სადეპუტატო იმუნიტეტი იმიტომ მოიგონეს, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს გამოხატვის თავისუფლებისას ხელები გახსნილი ჰქონდეთ და არ ეშინოდეთ თავის ქმედებების“.

„ვიღაცამ შეიძლება, მითხრას, რას ექომაგები იმ კაცს, რომელიც დილიდან შენზე საძაგლობებს იძახისო. ფაქტია, რომ ნიკა მელია ზღვარს გასცდა ჩემთან მიმართებაში, აშკარად სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის. თუმცა, მძიმე ემოციური ფონი აქვს და ამით გავამართლებ მის ქმედებას. გთხოვდით და მოგიწოდებდით, თუ გვინდა ნორმალური ქვეყანა, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ ნიკა მელიას ან „ნაციონალური მოძრაობისადმი“, არ დაუჭიროთ მხარი მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. რაღაც დროის შემდეგ თქვენც აღმოჩნდებით ოპოზიციურ სკამებზე და მაშინ აუცილებლად დაგვეთანხმებით, რომ ჩვენ ეს თხოვნა სწორი იყო. ემოციების და პირადი დამოკიდებულებების გარეშე თუ მივეჩვევით ქართველი პოლიტიკოსები გადაწყვეტილებების მიღებას, გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ახლა ჩვენ შედეგზე ვსაუბრობთ, თუმცა მთავარი არის მიზეზი. ჩემთვის ყველაზე აღმაშფოთებელია მიზეზი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მზად არის, საკუთარი ხელფასით ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადოს, რაზეც ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ვინც მის ნაცვლად გირაოს გადაიხდის, სუს-ის აგენტი და გავრილოვის მხარდამჭერი იქნება. „ალეკო ელისაშვილო, ახლა ჩემი ფეხით არ მომიყვანო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან იმ პარლამენტიდან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ ახლა, მართლა არ მომიყვანო. რა შენი ხელფასიდან გადამიხდი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.