ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მზად არის, აფხაზ ბენურ კვირაიას ქართველებისა და აფხაზების უკეთეს მომავალზე სასაუბროდ თბილისში უმასპინძლოს
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მზად არის, აფხაზ ბენურ კვირაიას ქართველებისა და აფხაზების უკეთეს მომავალზე სასაუბროდ თბილისში უმასპინძლოს

„მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სოციალურ ქსელში რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც საქართველოს წინააღმდეგ მეომარი ერთ-ერთი აფხაზი მამაკაცი ქართველი მეგობრის სადღეგრძელოს სვამს.

ელისაშვილის თქმით, მართალია, აფხაზის მოქმედებას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოყვა, თუმცა ელისაშვილი მიიჩნევს, რომ პირიქით, ეს დიდი გამბედაობაა.

ელისაშვილი ამბობს, რომ მზად არის, ქართველებისა და აფხაზების უკეთეს მომავალზე სასაუბროდ მას უმასპინძლოს.

„კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მინდა, ვისაუბრო, სოციალურ ქსელებში ცოტა ხნის წინ, რამდენიმე კვირის წინ ალბათ ყველამ ნახეთ ვიდეო, როგორ სვამდა ქართველი მეგობრის სადღეგრძელოს აფხაზი კაცი, ნაომარი, ჩვენ წინააღმდეგ სხვათა შორის. ბენურ კვირაიაა ეს კაცი, აკუნს ეძახიან, ერთ-ერთი შენაერთის მეთაურიც კი იყო 1992 წელს, იბრძოდა ჩვენ წინააღმდეგ და მან სკვერი გააშენა ქართველი მეგობრის, დავით კვარაცხელიას სახელზე აძუჟბაში. არ მოერიდა ამის თქმას, ის იყო პრეზიდენტის, იქაური, თვითგამოცხადებულ პრეზიდენტ ბჟანიას მრჩეველი. შემდეგ მან გაბედა, აქეთა საქართველოში ჩამოვიდა და ქართველებთან, თავის მეგობრებთან ჰქონდა შეხვედრა. სადღეგრძელოც დალია, ამის შესახებ ხმამაღლა ისაუბრა და უზარმაზარი რისხვაც დაატყდა თავს. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ამ ვიდეომ და მისმა ჩამოსვლამ აქეთა საქართველოში.

ამასწინ ინტერნეტის მეშვეობით მქონდა საუბარი აფხაზეთის საკითხებით დაკავებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჩახედულ ადამიანებთან. მქონდა პატივი, გამეცნო ბულგარეთში მცხოვრები დავით კვარაცხელია – ის ქართველი კაცი, რომელიც ასევე ერთ დროს ჩვენი მხრიდან იარაღით ხელში იბრძოდა. მინდა, მივესალმო როგორც დავით კვარაცხელიას, ასევე აფხაზს ბენურ კვირაიას და მადლობა ვუთხრა ამ გაბედულებისთვის. განსაკუთრებით მინდა, აფხაზ კაცს მივესალმო, მამის ტოლი კაცია. რამ არია კონფლიქტი? ეს არის სიძულვილი ერთმანეთს შორის, ერებს შორის და ჩვენი კონფლიქტია, რომ გვძულს ერთმანეთი ჩვენ და აფხაზებს. ამ კაცმა, მეომარმა თავის თავში ეს დაამარცხა, ამას გადააბიჯა და ჩამოვიდა, ხელი ჩამოგვართვა, დაგველაპარაკა, რადგან აწუხებს ის ყოფა, რაც აფხაზეთშია, სიღატაკე და უპერსპექტივობა. უნდა, რომ უკეთეს მომავალზე ვილაპარაკოთ. მე და ლევან იოსელიანი ამ კაცს აქედან მივესალმებით და ჩვენ მზად ვართ, ვუმასპინძლოთ თბილისში და მასთან ერთად ვისაუბროთ ქართველებისა და აფხაზების უკეთეს მომავალზე და ჩვენი ურთიერთობის პერსპექტივაზე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.