ალეკო ელისაშვილი - მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ძალიან სასაცილოა, ოპოზიციის მიერ პოლიტიკური სახლობანაა, როცა 100%-ით იციან, რომ „ქართული ოცნებიდან“ თორმეტ ხმას ვერ გადმოიბირებენ
ალეკო ელისაშვილი - მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ძალიან სასაცილოა, ოპოზიციის მიერ პოლიტიკური სახლობანაა, როცა 100%-ით იციან, რომ „ქართული ოცნებიდან“ თორმეტ ხმას ვერ გადმოიბირებენ

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება არის უმწიფრობა და არის ძალიან სასაცილო, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ორი დღეა, ოპოზიციის ლიდერები სერიოზული სახეებით მსჯელობენ, როგორი ჩრდილოვანი კაბინეტი უნდა დააკომპლექტონ და ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, ხაზარაძე თუ გიორგი ვაშაძე. ამაზე მიდის ღია პაექრობა. ელემენტარული მათემატიკაა, რომ როდესაც ოპოზიციას 64 დეპუტატი ჰყავს, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის კი 76 მანდატი გჭირდება, როგორ უნდა შეძლო დამატებით თორმეტი ხმის მობილიზება? ეს ხომ აბსურდია?! რა, გათხოვებს „ქართული ოცნება“?!“, – განაცხადა ელისაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა იმის ალბათობა, რომ 5 ივლისის მოვლენები „ქართული ოცნების“ შიგნით იყოს იმ ტიპის მოვლენა, როგორიც მაგალითად, გავრილოვის საკითხი იყო, როდესაც „ქართული ოცნების“ შიგნით ვიღაცები ძირითად გუნდს განუდგნენ და თქვეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდთან პრინციპული უთანხმოება ჰქონდათ და აქედან გამომდინარე, ღირს თუ არა ოპოზიციისთვის ამის ცდა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური სახლობანაა. 

„ეს არის ოპოზიციის მიერ მოწყობილი პოლიტიკური სახლობანა, 100%-ით რომ იცი, რომ „ქართული ოცნებიდან“ თორმეტ ხმას ვერ გადმოიბირებ. ეს უბრალოდ, გამორიცხულია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, არის თუ არა საინტერესო, რა ტიპის კაბინეტზე შეთანხმდებიან ოპოზიციის აქტორები, რომლებიც აცხადებენ, რომ ერთმანეთთან პრინციპული უთანხმოება აქვთ, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი ვერავითარ კაბინეტზე ვერ შეთანხმდებიან.

„კაბინეტზე არა, იმაზე შეთანხმდებიან. ერთი შემიძლია, გითხრათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უბრალოდ, ნებისმიერ რამეზე ლაპარაკს გამოვრიცხავთ. ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა. აქ სევდიანი საყურებელია „ლელოს“ ფლირტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“. „ლელო“ ისეთ პარტიად ჩამოყალიბდა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე უბრალოდ, ვერაფერი ვერ წარმოუდგენია. გაცილებით სერიოზული იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე რაღაცებზე ლაპარაკი. ეს გაცილებით საქმიანიც იქნებოდა და პერსპექტიულიც, მაგრამ ნუ, „ლელოსთვის“ მზე ამოდის და ჩადის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეკითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას და მაგალითად, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საკითხი გახდეს ასეთი საგამოძიებო კომისიის საგანი, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ეს გაცილებით სერიოზული იქნება.

„ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ და მიდის ლაპარაკი. ეს არის გაცილებით სერიოზული. აქ დახარჯული თითოეული წუთი და დაღვრილი ოფლი შედეგის მომტანი იქნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.