ალეკო ელისაშვილი - მინდა, მარეგულირებელ კომისიას მივმართო, დაიბარონ „ჯივიპი“, დაგვენახონ, ვინ არიან ჩვენი მწამებლები, გვითხრან, აქვთ თუ არა ანგარიშვალდებულება ქალაქის წინაშე
ალეკო ელისაშვილი - მინდა, მარეგულირებელ კომისიას მივმართო, დაიბარონ „ჯივიპი“, დაგვენახონ, ვინ არიან ჩვენი მწამებლები, გვითხრან, აქვთ თუ არა ანგარიშვალდებულება ქალაქის წინაშე

ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას“ სთხოვს, რომ კომპანია „ჯივიპი“ დაიბაროს და ანგარიშის ჩაბარება მოსთხოვს.

როგორც ელისაშვილმა პარლამენტის სესიაზე განაცხადა, „ჯივიპი“ თბილისი მოსახლეობას აბუჩად იგდებს.

ამასთან, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ დაუშვებელია, კომპანია ისე იქცეოდეს, როგორც „ჯივიპი“.

„ეს თემა ყველას გვაწუხებს თბილისში, ეს არის კომპანია, რომელსაც ევალება თბილისის წყლით მომარაგება და, სინამდვილეში, მოსახლეობის აბუჩად აგდებით არის დაკავებული. ერთი დღე, დღე-ნახევარი, ორი დღე, შეტყობინებით, შეტყობინების გარეშე, ისე თიშავენ წყალს, თითქოს დევი აჯდება და დასცინოდეს დაპყრობილი ქალაქის მოსახლეობას. რამდენჯერ გადაიყიდა ეს კომპანია, ბოლოს ვინ იყიდა, არ ვიცი, მაგრამ პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება, პატივისცემა ქალაქის მოსახლეობის საერთოდ არ ჩანს ამ კომპანიისგან. არც გამიგია თბილისი მერისგან, რამე ეთქვა მობოდიშების მაგვარი, დაებარებინოთ ეს კომპანია. თბილისის საკრებულოს ასევე აქვს უფლებამოსილება, ახალი შემადგენლობა ყველაფერზე საუბრობს, თბილისის პრობლემების გარდა. იქაც არ იბარებენ. არადა, ყველას გვიგდებს და ისე იქცევა, როგორიც თვითონ თვლის საჭიროდ. ვფიქრობ, ძალაუფლებით ერთობიან. ჩავხედე კანონს და ვნახე, რომ „ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია“ რომ არის, უზარმაზარი ხელფასები რომ აქვთ და რას აკეთებენ, კაცმა არ იცის, მათ წინაშეა ანგარიშვალდებული. მინდა, ამ კომისიას მივმართო, დაიბარონ, დაგვენახონ მაინც, ვინ არიან ჩვენი მწამებლები და გვითხრან, რა გეგმა აქვთ, ერთი წლის, ხუთი წლის განმავლობაში, აქვთ თუ არა ანგარიშვალდებულების ნატამალი ქალაქის მოსახლეობის წინაშე. ხომ არ შეიძლება, ყოველ წამს ველოდეთ მესიჯს ან უმესიჯოდ მივდიოდეთ სახლში და წყალი არ იყოს. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, გვყავს კომპანია, რომელიც უბრალოდ გვაწვალებს და შეურაცხყოფას გვაყენებს. დაგვარბენინებს ვედროებით. პარლამენტში არ დარბოდნენ ვედროებით ცოტა ხნის წინ? პარლამენტის აპარატმა არ დაგვირეკა, დავიშალეთ, რამდენიმე დღე წყალი არ გვექნებაო? პარლამენტი ვართ, თითქოს რაღაც განყენებულ თემებზე ვსაუბრობთ და ვედროებით დავრბოდით ყველანი აქეთ-იქეთ. ეს ნორმალურია? დაგვენახონ, ვინ არიან, რა ხედვა აქვთ. როგორ შეიძლება, თავის ნებაზე ათამაშებდნენ ქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა ელისაშვილმა.