ალეკო ელისაშვილი - მეჩვენება, რომ თეა წულუკიანს ეპატარავება პარლამენტი და გადაწყვიტა, კულტურის მინისტრი იყოს
ალეკო ელისაშვილი - მეჩვენება, რომ თეა წულუკიანს ეპატარავება პარლამენტი და გადაწყვიტა, კულტურის მინისტრი იყოს

მეჩვენება, რომ რატომღაც, თეა წულუკიანს არ მოსწონს და ეპატარავება პარლამენტი, უნდა, იყოს რაღაცის მინისტრი და ამ შემთხვევაში გადაწყვიტა, კულტურის მინისტრი იყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ წულუკიანის ამ გადაწყვეტილებას კვერი დაუკრა და ცალკე სამინისტროს უქმნიან.

„კულტურას საკუთარი კურატორი არ ჰყავდა განათლების მინისტრის მოადგილის სახით? ის ამ დარგს ყურადღებას არ აქცევდა? ამ ყველაფერში ლოგიკას ვერ ვხედავ. სწორად არ მიმაჩნია, თუ რომელიმე დარგის დახმარება გვინდა, ამისთვის სამინისტრო შევქმნათ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო 30 წელია, გვაქვს, მაგრამ სოფლის მეურნეობა საერთოდ არ გვაქვს.

ორ დღეში 100 ათასმა ადამიანმა გერმანიის ყანებში მუშაობის განცხადება შეავსო. თუ გვინდა, სფეროს დავეხმაროთ, ამ შემთხვევაში კულტურას, სამინისტრო და ახალი ბიუროკრატია კი არ უნდა შევქმნათ, არამედ ხედვა უნდა დავდოთ. ორი წლის წინ კულტურის სამინისტრო ცალკე იყო, მაგრამ კულტურას დავეხმარეთ? კი ბატონო, კულტურის სამინისტრო შევქმნათ, მაგრამ კონკრეტული ინდიკატორები დავდოთ, ერთი წლის თავზე როგორ უნდა შევაფასოთ მუშაობა და გავზომოთ ის, დარგს დავეხმაროთ. სამინისტროს შექმნის მიზეზი რომ ვიკითხე, მიპასუხეს, კულტურას მეტი ყურადღება მივაქციოთ და დავეხმაროთო. როგორ უნდა გავზომოთ ეს დახმარება? ერთი წლის თავზე როგორ უნდა მივხვდეთ, კულტურა დახმარებული იქნება, თუ არა?“, – განაცხადა ელისაშვილმა.

პარლამენტმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფას მხარი დაუჭირა.