ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ლელოს“, გახარიას პარტიას, „გირჩს“, ანა დოლიძესა და კიდევ რამდენიმე უპარტიო ადამიანს გაერთიანების გზებზე საუბარს სთავაზობს
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ლელოს“, გახარიას პარტიას, „გირჩს“, ანა დოლიძესა და კიდევ რამდენიმე უპარტიო ადამიანს გაერთიანების გზებზე საუბარს სთავაზობს

მაქვს შეთავაზება პარტიებთან, რომლებიც არც „ნაცები“ ვართ და არც „ქოცები“, არც ამ ორი პარტიის ორბიტაზე ვართ, ვილაპარაკოთ გაერთიანების გზებზე, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, „ცვლილება თუ გვინდა, პარტიული დღის წესრიგი დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო კონტურებზე ვიფიქროთ“.

„მაქვს შეთავაზება პარტიებთან, რომლებიც არც „ნაცები“ ვართ და არც „ქოცები“, არც ამ ორი პარტიის ორბიტაზე ვართ, ვილაპარაკოთ გაერთიანების გზებზე. ე.წ. შუაშისტური ძალები, პროდასავლური პარტიები უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ცალ-ცალკე შეიძლება, ბარიერი გადავლახოთ, მაგრამ ხელისუფლებას ვერ შევცვლით. ცვლილება თუ გვინდა, პარტიული დღის წესრიგი დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო კონტურებზე ვიფიქროთ. ასეთ შუაშისტურ ძალებს შეიძლება 30-40%-იანი რესურსი გვქონდეს. ასეთ ძალად მოვიაზრებ „ლელოს“, გახარიას პარტიას, „გირჩს“, ანა დოლიძეს და კიდევ რამდენიმე უპარტიო ადამიანს. წესით ახლა ყველა რაღაც საერთო კონტურებზე უნდა ვმსჯელობდეთ. მე, პირადად, მზად ვარ დავჯდე ამ პარტიებთან სალაპარაკოდ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მოლაპარაკებები აქვს „გირჩის“ წევრებთან, რომლებმაც ასევე დაუდასტურეს მზაობა.

„ჩვენ ბევრ რამეში ერთმანეთს კატეგორიულად არ ვეთანხმებით, მაგრამ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც გვაერთიანებს, თუ როგორ ვხედავთ გამდიდრების გზას, სამართლიან და უსაფრთხო ქვეყანას და ა.შ. მინდა, სხვებსაც მივმართო, შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმები, შეიძლება, ყველას ერთმანეთი გულზე არ გვეხატებოდეს, მაგრამ თუ ჩვენ პოლიტიკაში ვართ და ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლობას ვიღებთ, უნდა გავაცნობიეროთ ეს ისტორიული მომენტი, თუ ახლა შევცვლით ხელისუფლებას, გაიხსნება მოლაპარაკებები და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ძალაუფლების ცვლილება უნდა იყოს წყნარი და მშვიდი. ჩვენ თუ ცვლილება გვინდა, კომპრომისებზე უნდა წავიდეთ, პირობა უნდა დავდოთ, რომ ეს რევანშიზმის გარეშე მოხდება, ცვლილების შემდეგ არავის დავიჭერთ, ქონებას არავის წავართმევთ, სამსახურიდან არავის გავუშვებთ და ძალიან მომწონს „გირჩის“ იდეა, თუ ვინმეს გავუშვებთ, სამი წლის კომპენსაციას წინასწარ მივცემთ. ამით აშინებს „ოცნება“ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს, ამიტომ ჩვენ თუ ცვლილება გვინდა, რევანშიზმს უნდა მოვეშვათ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, „პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და ზოგჯერ შეიძლება, ისეთი ადამიანები დადგნენ ერთმანეთის გვერდზე, წარმოუდგენლად რომ მიგვაჩნია“.

„მზად ვარ კომპრომისისთვის, მოვუწოდებ სხვა ე.წ. შუაშისტურ პარტიებს, მარტო თავის დღის წესრიგსა და ბარიერის გადალახვაზე ნუ ფიქრობენ, რომც გადალახონ, მერე რას იზამენ? გაერთიანების გარეშე ცვლილება არ მოხდება. დღის წესრიგი ავაწყოთ საერთო კონტურის მოხაზვაზე და ცვლილების განხორციელებაზე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.