ალეკო ელისაშვილი - კუბილიუსი „ქართულ ოცნებას“ გულისხმობს, ჩვენი წესებით ითამაშეთ ან სტატუსს ვერ მიიღებთო, აქ საქართველოა და არა „ქართული ოცნება“, სტატუსის არმიღებით ქვეყანა დაიჩაგრება
ალეკო ელისაშვილი - კუბილიუსი „ქართულ ოცნებას“ გულისხმობს, ჩვენი წესებით ითამაშეთ ან სტატუსს ვერ მიიღებთო, აქ საქართველოა და არა „ქართული ოცნება“, სტატუსის არმიღებით ქვეყანა დაიჩაგრება

კუბილიუსის განცხადება გაუგებარია. კუბილიუსი „ქართულ ოცნებას“ გულისხმობს, როცა ამბობს, ჩვენი წესებით ითამაშეთ ან სტატუსს ვერ მიიღებთო. სტატუსს „ქართული ოცნება“ კი ვერ მიიღებს ან მიიღებს, არამედ საქართველო და სტატუსის არმიღებით ქვეყანა დაიჩაგრება. ეს იქნება ძალიან საშიში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, სადაც კუბილიუსმა აღნიშნა: „ჩვენ მკაფიო გზავნილი გვაქვს „ქართული ოცნებისთვის“, ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“.

როგორც ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კუბილიუსს განცხადების ადრესატი ჰყავს არეული.

„არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ქვეყნისთვის სტატუსის არმიცემა მწვანე შუქის ანთება და ხელ-ფეხის შეხსნა იქნება ოკუპანტი ქვეყნისთვის. ეს იქნება ევროპის მიერ საქართველოსთვის ზურგის შექცევა. ამას რატომ ვერ მიჯნავს კუბილიუსი? აქ საქართველოა და არა „ქართული ოცნება“. მისი არც განცხადება და არც ტონი არ მომეწონა. ამ კატეგორიული განცხადების ადრესატია არეული. „ქართულ ოცნებაზე“ რაც უნდა, ის თქვას, მაგრამ სახელმწიფოსთან ნუ აურევს. „ქართული ოცნება“ საერთაშორისო მიმართულებით სათანადოდ ვერ მუშაობს და თუნდაც მარტივ რაღაცებს ვერ ხსნის, სააკაშვილს კი ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა და ჰყავს, რომლებიც მზად არიან, ვითარება გაამძაფრონ, გააბუქონ. სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის. უბრალოდ, „ქართული ოცნება“ შიდა აუდიტორიასთან ლაპარაკს მიეჩვია. მე რომ ხელისუფლებაში ვიყო და სააკაშვილის მიმართ ეს ვითარება იყოს, მარტივად ავხსნიდით, რომ სააკაშვილი არ არის ციხეში, არ არის პოლიტპატიმარი და იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში. ამას ვერ აკეთებენ, რადგან გაზარმაცებული არიან შიდა აუდიტორიასთან მუშაობაში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.