ალეკო ელისაშვილი - ხატია დეკანოიძის იდეა იყო, რომ ლევან იოსელიანს სახალხო დამცველად ეყარა კენჭი, ჩვენ ეს საერთოდ არ გვიფიქრია
ალეკო ელისაშვილი - ხატია დეკანოიძის იდეა იყო, რომ ლევან იოსელიანს სახალხო დამცველად ეყარა კენჭი, ჩვენ ეს საერთოდ არ გვიფიქრია

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ლევან იოსელიანის სახალხო დამცველის კანდიდატად დაყენება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის იდეა იყო.

როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, იქამდე იოსელიანის სახალხო დამცველის კანდიდატობა არ უფიქრიათ.

„საერთოდ არ გვიფიქრია ლევანის კანდიდატად დაყენება. ღმერთი, რჯული, ღმერთი მაღლიდან იყურება. დამეცეს მეხი თუ ახლა რამე ტყუილს ვიძახდე, ღმერთია მოწმე. მთელი ჩვენი პარტია მოწმეა, საერთოდ არ გვიფიქრია ლევანის სახალხო დამცველის კანდიდატად დაყენება. კენჭს როცა ვუყრიდით კანდიდატებს, ძალიან გულწრფელად ვუჭერდი მხარს ანა აბაშიძეს, ასევე იაგოს ვუჭერდი მხარს, მიუხედავად იმისა, რომ მის ძალიან ბევრ პოზიციას არ ვეთანხმებოდი. ასევე ლელა გაფრინდაშვილსაც სრულიად გულწრფელად დავუჭირე მხარი. ვიდრე ეს კენჭისყრები არ დამთავრდა, ლევანის კანდიდატად დაყენება საერთოდ არ გვიფიქრია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის იდეა იყო, რომ ლევანს ეყარა კენჭი. ხატია დეკანოიძის იდეა იყო. ხატია მოვიდა ჩვენთან, ლევანს უთხრა, რომ კარგი იქნება, თუ დადგები სახალხო დამცველად, ჩვენ მხარს დაგიჭერთო. შემდეგ „ქართული ოცნება“ მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, რომ ხატია დეკანოიძემ გვითხრა, ლევანის კანდიდატურა კარგი იქნება და თუ კონსენსუსით უნდა გავიდეს, ლევანს დავუჭერთ მხარსო. ხატიას მაშინ უარი ვუთხარით, „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზეც რამდენჯერმე უარი ვთქვით. ვუთხარით, რომ ჩვენი პარტიული გეგმები გვაქვს. პარტიაში ლევანს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა. ვუთხარით, რომ ვინმე სხვა მოეფიქრებინათ. ეს შემოთავაზებები გრძელდებოდა. შემდეგ დავფიქრდით, ავწონეთ-დავწონეთ.

ხატიასგან წამოვიდა ეს ინიციატივა, მაგრამ მხარი არ დაუჭერია. „ნაციონალური მოძრაობა“ პირველი გამოვიდა და ლანძღვა დაუწყეს ლევანს. პირველი ეგენი გავარდებიან და აიტუზებიან სახალხო დამცველის კარებთან, სააკაშვილი, კონსილიუმი… დაუწყებენ. რა ნამუსით უნდა მივიდნენ, ძალიან მაინტერესებს“,- განაცხადა ელისაშვილმა.