ალეკო ელისაშვილი - კერძო კლინიკაში გადაყვანაზე სააკაშვილის მოთხოვნა გაუგებარია, არ მიმაჩნია, რომ პოლიტპატიმარია, იქ არის, სადაც უნდა იყოს
ალეკო ელისაშვილი - კერძო კლინიკაში გადაყვანაზე სააკაშვილის მოთხოვნა გაუგებარია, არ მიმაჩნია, რომ პოლიტპატიმარია, იქ არის, სადაც უნდა იყოს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელება უღირსი საქციელია.

რაც შეეხება სააკაშვილის შიმშილობას და კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას, ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის ეს მოთხოვნა გაუგებარია.

„ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პირადად მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით დიდი უპირატესობა ჰქონდა, ციხეში ადამიანებს ადამიანურად ექცეოდნენ და არა უღირსად. „ქართული ოცნების“ მხრიდან იმ კადრების გავრცელება უღირსობა იყო და ეს უპირატესობა დაკარგეს, რაც ცუდია, რადგან ვინც არ უნდა იყოს, მას არ უნდა მოექცე უღირსად. სიმდაბლეა, როცა ადამიანს თავის საქციელს ასე უბრუნებ.

სახელმწიფოსთვის სამარცხვინოა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში არაჟნის ყუთებით შემოიპარა არეულობის მოწყობის მიზნით. რატომ შიმშილობს? – ციხიდან გამოშვებას ყველა პატიმარი მოითხოვს და შიმშილობას დაიწყებს. ყველამ იშიმშილოს და გამოვიდეს? მისი მოთხოვნა კერძო კლინიკაში გადაყვანაზე გაუგებარია. ამბობს, მკლავენ ციხეშიო და ჭამოს. არ მიმაჩნია, რომ პოლიტპატიმარია და იქ არის, სადაც უნდა იყოს, მაგრამ როგორც მოიქცნენ, ეს იყო უღირსობა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.