ალეკო ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს - საქართველოზე ობიექტურად და მიწაზე დაშვებულად რომ ილაპარაკოთ, ისევ თქვენთვის იქნება კარგი
ალეკო ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს - საქართველოზე ობიექტურად და მიწაზე დაშვებულად რომ ილაპარაკოთ, ისევ თქვენთვის იქნება კარგი

ჩემი აზრით, თვითკრიტიკა ყველაზე მეტად შვენის ადამიანს და განსაკუთრებით პოლიტიკოსს, განსაკუთრებით, სახელმწიფო თანამდებობის პირს და კიდევ უფრო განსაკუთრებით, მთავრობის თავმჯდომარეს, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.

ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, „საქართველოზე ობიექტურად და მიწაზე დაშვებულად“ ილაპარაკოს.

„თქვენს გამოსვლაში რომ მომესმინა რამდენიმე ნოტა მაინც სხვადასხვა დარგსა და სფეროში ხარვეზებთან დაკავშირებით და იმასთან, რომ რაღაც სხვაგვარად გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა, ისევ თქვენთვის იქნებოდა ძალიან კარგი, რადგან უკეთესად წარმოჩინდებოდით, მაგრამ როცა გამოდიხართ და გვიყვებით, არიქა, ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გვაქვს მსოფლიოში, რა ვიცი, აგაშენებთ ღმერთი. სიღარიბე განახევრდა – აგაშენებთ ღმერთი. ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა დასული – აგაშენებთ ღმერთი, მაგრამ ამ შენობიდან რომ გავალ და სახლში რომ ავდივარ ფეხით, იმდენი გაჭირვებული ხალხი რატომ მხვდება? სხვა საქართველოა, რასაც თქვენ ხატავთ და სხვა საქართველოა რეალურად. ამ საქართველოზე ობიექტურად და მიწაზე დაშვებულად რომ ილაპარაკოთ, ისევ თქვენთვის იქნება კარგი, რათა ის ხალხი არ გააღიზიანოთ, ვინც უმუშევარია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.