ალეკო ელისაშვილი - ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პრეზიდენტი „ქართულმა ოცნებამ“ არ გაუშვა სამიტზე დასასწრებად, ხოლო ღარიბაშვილი არ მიიწვიეს
ალეკო ელისაშვილი - ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პრეზიდენტი „ქართულმა ოცნებამ“ არ გაუშვა სამიტზე დასასწრებად, ხოლო ღარიბაშვილი არ მიიწვიეს

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პრეზიდენტი „ქართულმა ოცნებამ“ არ გაუშვა სამიტზე დასასწრებად, ხოლო ღარიბაშვილი არ მიიწვიეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, დამთრგუნველია, როდესაც თითქოსდა ფორმალურად, მაგრამ მაინც ნატო-ს წევრობის მოსურნე ქვეყანა, საქართველო არანაირად არ იყო წარმოდგენილი ნატო-ს სამიტზე.

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პრეზიდენტი „ქართულმა ოცნებამ“ არ გაუშვა სამიტზე დასასწრებად, ხოლო ღარიბაშვილი არ მიიწვიეს. ვინმე მეხინკლე მაინც გაგვეშვა, რომ იქ კარგი ხინკალი მოეხვია და ამით მაინც წარმოგვეჩინა ჩვენი ქვეყანა, კმაყოფილების და მადლიერების განცდა მაინც ჰქონოდათ ჩვენდამი. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რასაც ახლა ვიღებთ. იმდენს ითრევენ ფეხს, რომ ნატო-ს ლიდერებმა ღია სიგნალი მიიღეს, რომ ამ ქვეყანას არ უნდა და ძალით ხომ არ დაგვიწყებენ ხვეწნას. შესაბამისად, სადაც არ გვინდა, იქ არ დაგვიძახეს. ეს არის სამარცხვინო ლაქა „ქართული ოცნების“ და ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. მართალია, ვერც უკრაინას ვერ უთხრეს სასარგებლო და ხეირიანი, მე გაცილებით მეტი მოლოდინი მქონდა, თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში რაღაც კონკრეტულს იტყოდნენ, მაგრამ ეს რუსეთის მუდმივი შიში მაინც მოჰყვება ევროპას შლეიფად და ისინი მაინც ფეხს ითრევენ. ჩვენზე საერთოდ საუბარი არის, 90 პუნქტიდან მე-80 პუნქტში ვართ ნახსენები. იმას მაინც ველოდი, რამე არსებით ხელშესახებ სამხედრო დახმარების პაკეტს მაინც მოგვცემდნენ, მაგრამ ესეც არ გამოიმეტეს. ეს ლოგიკურია, როცა ხედავენ და გრძნობენ, რომ ნატო-ში არ გინდა, ძალით საბელს არავინ ჩაგაბამს და ძალით არავინ წაგიყვანს. ეს ჩვენი ქვეყნის სირცხვილია“, – განაცხადა ელისაშვილმა.