ალეკო ელისაშვილი - რიკ დემისთან შეხვედრისას ვაპირებ, ვისაუბრო მართლმსაჯულების რეფორმაზე და ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ ქცევაზე, ასევე 5 ივლისის მოვლენებზე
ალეკო ელისაშვილი - რიკ დემისთან შეხვედრისას ვაპირებ, ვისაუბრო მართლმსაჯულების რეფორმაზე და ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ ქცევაზე, ასევე 5 ივლისის მოვლენებზე

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემისთან შეხვედრისას, ერთ-ერთი განსახილველი თემა შარლ მიშელის დოკუმენტი იქნება.

როგორც ელისაშვილი ამბობს, ასევე აპირებს, რიკ დემისთან შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმასა და 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბროს.

„ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც ვისაც არ ეზარება, ყველა არღვევს ორივე მხრიდან. ბოლო დარღვევა უკავშირდება იმას, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე სასურველი კანდიდატი გაიყვანოს შეთანხმების საწინააღმდეგოდ. ვაპირებ, ვისაუბრო მართლმსაჯულების რეფორმაზე და ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ ქცევაზე. ასევე იმაზე, თუ საით მიდის ქვეყანა – მთლად დემოკრატიისკენ ვერ მოვდივართ და ვერ ვვითარდებით. მძაფრი განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება 5 ივლისის მოვლენები – წაყრუება, წახალისება ძალადობის, და რა გააკეთა ხელისუფლებამ მოძალადეების დასასჯელად, რომლებიც პოზაში დგანან და ამბობენ, რომ იმავეს იზამენ, როცა საჭიროდ ჩათვლიან“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.