ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი პოლიტიკური ალღო არ აქვს, მთელი პარტია ვიცინით, როგორ წვალობენ, ახსნან, რის ფასად შემოდიან
ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი პოლიტიკური ალღო არ აქვს, მთელი პარტია ვიცინით, როგორ წვალობენ, ახსნან, რის ფასად შემოდიან

ამდენი ჯახირის, წვალებისა და სხვების ლანძღვის შემდეგ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლა ნიშნავს, რომ არანაირი პოლიტიკური ალღო და პრაგმატიზმი არ აქვთ. ქვეყნის სიყვარულს რომ თავი დავანებოთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევა უპასუხისმგებლოა.

„სინდისსა და ნამუსხე რომ არ ვილაპარაკოთ, როგორ აკეთებენ ამას? – დოკუმენტის შედეგად, მათი ლიდერი გამოვიდა ციხიდან, ასევე  გიორგი რურუა. საარჩევნო რეფორმა ხორციელდება, რომლის სიკეთით ისარგებლებს როგორც პარტია, ასევე მართლმსაჯულებით  ისარგებლებს ყველა. ამას ხელს არ აწერ, რატომ შემოდიხარ პარლამენტში და რის ფასად? ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო საარჩევნო რეფორმა და ამის ფასად შემოვდიოდით. არც ეს უნდათ, არაფერი უნდათ, ხელს არ აწერენ და რატომ შემოდიან, სკამები ეხარბებათ? მათი საქციელი არის უმსგავსობა და უპასუხისმგებლობა. სხვისი ხელით უნდათ ეკლის და ნარის კრეფა. უნდათ, რომ ჩვენ გავილანძღოთ, უმნიშვნელოვანესი რეფორმები გავატაროთ, ყველაფერი ჩვენ გავაკეთოთ, თავად კი, ჩვენ გვლანძღონ და სავარძლებში დასკუპტდნენ. ვისურვებდი, აქ რომ შემოვლენ რაღაც შოუების დადგმაზე, ზიზღისა და სიძულვილის ფრქვევაზე კი არ იფიქრონ, არამედ საქმესა და ხალხის პრობლემებზე ვისაუბროთ. ვამბობდი, ბოლოს ყველა შემოვა-მეთქი, მაგრამ ჩვენ გვლანძღავდნენ. მათ მიმართ ბრაზი არ მაქვს, არც სიძულვილი. ახლა ძალიან მეცინება. ის მომენტი მაქვს, როცა ჩვენ, მთელი პარტია ვიცინით, როგორ წვალობენ, რომ ახსნან, რის ფასად შემოდიან, ვერაფერს ამბობენ და რაღაცებს იგონებენ. ახლა ვართ ღიმილის პერიოდში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დატოვე კომენტარი