ალეკო ელისაშვილი - დეოლიგარქიზაციას არანაირი კანონის მიღება არ სჭირდება, საჭიროა, სასამართლო, პროკურატურა პოლიტიკის ზეწოლისგან თავისუფალი იყოს და ქვეყნის გაუკღმართებულად მართვას ვერავინ შეძლებს
ალეკო ელისაშვილი - დეოლიგარქიზაციას არანაირი კანონის მიღება არ სჭირდება, საჭიროა, სასამართლო, პროკურატურა პოლიტიკის ზეწოლისგან თავისუფალი იყოს და ქვეყნის გაუკღმართებულად მართვას ვერავინ შეძლებს

დეოლიგარქიზაციას არანაირი კანონის მიღება არ სჭირდება, საჭიროა სისტემური ცვლილება, სასამართლო და პროკურატურა პოლიტიკის ზეწოლისგან თავისუფალი უნდა იყოს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, ეს ორი სისტემა თუ იქნება, ამ ქვეყნის გაუკღმართებულად მართვას ვერავინ შეძლებს.

„ვენეციის კომისიის პოზიცია აბსოლუტურად სწორია, იმავეს ვამბობდით ჩვენ. უკრაინული კანონი არ ვარგა და დეოლიგარქიზაციას არანაირი კანონის მიღება არ სჭირდება, საჭიროა სისტემური ცვლილება – სასამართლო და პროკურატურა პოლიტიკის ზეწოლისგან თავისუფალი იყოს. ეს ორი სისტემა თუ იქნება, ამ ქვეყნის გაუკღმართებულად მართვას ვერავინ შეძლებს.

მიმაჩნია, რომ ევროკომისიის მიერ 12 რეკომენდაციაში ერთ პუნქტად დეოლიგარქიზაციის შეტანა შეცდომაა, რითიც „ქართულმა ოცნებამ“ მოხერხებულად ისარგებლა და უკრაინული კანონი გადმოიტანა, რაც უკრაინული რეალობისთვის არ ვარგა და, მით უმეტეს, საქართველოსთვის. მერე რა, რომ ევროკომისიაა, ამას პირველივე დღიდან ვამბობდი. ახლა „ქართული ოცნება“ რაღაცებს მაიმუნობს და ისე უნდა მოიქცეს, რომ ქვეყნის ინტერესები არ დააზიანოს. ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ თუ ამ პუნქტს თვალს წაუხუჭავენ, უკეთესი იქნება. მთელი აქცენტი უნდა გაკეთდეს სასამართლოზე, რაც დეოლოგარქიზაციას ნიშნავს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ „დეოლიგაქრიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ეხება, ნათქვამია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული.