ალეკო ელისაშვილი - დავუშვათ, ჩვენ გავაუარესეთ პროცესი, ადგნენ და მემორანდუმში უკეთესი პუნქტები თავად შეიტანონ, ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ, სხვები კი კომენტატორები არიან
ალეკო ელისაშვილი - დავუშვათ, ჩვენ გავაუარესეთ პროცესი, ადგნენ და მემორანდუმში უკეთესი პუნქტები თავად შეიტანონ, ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ, სხვები კი კომენტატორები არიან

დავუშვათ, ჩვენ გავაუარესეთ პროცესი, ადგნენ და მემორანდუმში უკეთესი პუნქტები თავად შეიტანონ, ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ, სხვები კი კომენტატორები არიან, – ასე უპასუხა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციური პარტიების კრიტიკას მემორანდუმთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ოპოზიციას, რომელიც მემორანდუმის შინაარსს იწუნებს, შეუძლია მასში უკეთესი პუნქტები შეიტანოს.

ამასთან, როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ტყუის, როდესაც ამბობს, რომ მემორანდუმის ტექსტი მოლაპარაკებებზე განხილული დოკუმენტის გაუარესებული ვერსიაა.

„მემორანდუმის ტექსტი აღებულია ელჩებთან ოთხი რაუნდის მოლაპარაკების ე.წ. დრაფტიდან და დაჯამებული დოკუმენტიდან. რასაც მოლაპარაკების მაგიდასთანაც ვითხოვდი, ახლაც ვითხოვ და მემორანდუმშიც წერია, ეს არის ის, რომ 4/1-თან შეფარდება იყოს დიდ ქალაქებში. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდეს სრულად პროპორციულით, რადგან საკრებულოებში დამოუკიდებელი მაჟორიტარები უნდა იყვნენ,  არ არის აუცილებელი საკრებულოში მოხვდეს ის, ვინც მაინცდამაინც პარტიის წევრია. ჩემს პოლიტიკურ ბიოგრაფიასთანაც არ ვიქნებოდი მართალი, რადგან საკრებულოს წევრი გავხდი, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.

დავუშვათ, ჩვენ გავაუარესეთ პროცესი, ადგნენ და უკეთესი პუნქტები შეატანინონ. ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მემორანდუმს ხელი რომ მოვაწერეთ, იმას არ ნიშნავს, რომ ათი მცნებაა ან სახარებისეული ჭეშმარიტება. შეიტანონ ჩვენზე უკეთესი პუნქტები. ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ და სხვები კომენტატორები არიან. გიორგი ვაშაძეს პრემიერობა ხომ უნდოდა? მივიდეს და შეხვდეს „ქართულ ოცნებას“, უკან დაახევინოს. რა უნდათ, ჩვენი ხელით ნარი კრიფონ და შემდეგ ჩვენ გვაკრიტიკონ? იტყუებიან, რომ თითქოს, მემორანდუმში რაღაცები არის გაუარესებული“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ქართული ოცნებისა“ და „მოქალაქეების“ ერთობლივი მემორანდუმის კანონპროექტებად ჩამოყალიბების მიზნით, პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

დატოვე კომენტარი