ალეკო ელისაშვილი - ჩემი ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს არ გადაუვადებენ
ალეკო ელისაშვილი - ჩემი ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს არ გადაუვადებენ

ჩემი ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს არ გადაუვადებენ, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

„ქართული ოცნება“ არ გამოუშვებს სააკაშვილს და ამიტომ. არ მჯერა, რომ სასამართლო დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ელისაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მოვლენათა როგორ განვითარებას ელოდება ამ შემთხვევაში, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამას უნდა შეეგუოს.

„რანაირად უნდა გამოუშვან, ციხეს შეანგრევენ, გაანგრევენ და გამოიყვანენ თუ რა? რეალურად და ობიექტურად თუ გვინდა, შევხედოთ, სააკაშვილს არ გამოუშვებენ, არც საზღვარგარეთ გაუშვებენ და არც არსად. ასევე, მოდით, მეორე მხრიდანაც ვთქვათ. ახლა, სინამდვილეში, პატიმარი სააკაშვილი ციხეში არ იმყოფება. ის კლინიკაში იმყოფება და რამდენი პატიმარი სარგებლობს ასეთი პრივილეგიით?“ – განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მას არ მიაჩნია, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მან მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, თანამდებობაზე ყოფნა ინდულგენცია არ არის და ჩადენილი დანაშაულების გამო უნდა დაისაჯოს.

„შესაბამისად, არ მიმაჩნია, რომ ის არის პუტინის პატიმარი და რაღაც იმის პატიმარი. მან დააშავა, მძიმე დანაშაულები ჩაიდინა და ამის გამო სასჯელი უნდა მოიხადოს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლა პოლიტიკური შეცდომა იყო.

„სააკაშვილის ჩამოსვლა პოლიტიკური შეცდომაა, თუმცა ამაზე ლაპარაკი არ მინდა, მისმა თანაგუნდელებმა ილაპარაკონ, მაგრამ ასე არ უნდა ჩამოხვიდე. სააკაშვილმა იმ ფორმით ჩამოსვლით შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას. ორჯერ რომ პრეზიდენტი იყავი და ორჯერ რომ მთავარსარდალი იყავი, რატომ იპარები ამ კონტეინერით?“ – განაცხადა ელისაშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, დაარწმუნეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი, ჩამოსულიყო, რაზეც მამუკა ხაზარაძე ლაპარაკობს, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მან ეს არ იცის.

„მე არ ვიცი, ნამდვილად. ხაზარაძე უფრო არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ახლოს და ჰკითხოს. იმას უფრო მეტი ეცოდინება და ჰკითხეთ, მე არ ვიცი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილმა ასევე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნა ლოგიკურად და სამართლიანად მიაჩნია, მის ჯანმრთელობაზე მთლიანად ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

„დღეს რომ გამოვიდა ღარიბაშვილი და ძალიან უპასუხისმგებლოდ თქვა, მე რა შუაში ვარ, კაცო, ღმერთს ებარებოდეთო, ასე არ არის. ციხეში პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობაზე. მე არ ვიცი, რაც შესაძლებელია და შეუძლებელია, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ სააკაშვილი იყოს იქ ცოცხალი და იყოს ჯანმრთელად. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. კი ბატონო, ის არ იმყოფება საპატიმროში, იმყოფება კლინიკაში, ეს არის სწორი, კარგი და მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რაც „ემპათიის“ დასკვნაშიც მოხვდა, ელისაშვილმა განაცხადა, რომ მოწამვლას გამორიცხავს.

„მაგის არ მჯერა. ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ ვცხოვრობთ ახლა, რა მოწამვლის კვალი? მთელი მსოფლიო გამადიდებელი შუშით უყურებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ასეთ რაღაცას გამოვრიცხავ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, გადაცემის წამყვანმა სტუმარს ჰკითხა, იმოქმედებს თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზე სააკაშვილის საკითხი და მისი ჯანმრთელობის თემის გარშემო არსებული დილემა, რაზეც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი კანდიდატის სტატუსზე არანაირად არ აისახება.