ალბანური გამოცემა - საქართველოსთან მატჩი ჩვენთვის ისტორიული გამოწვევაა #1TVSPORT
ალბანური გამოცემა - საქართველოსთან მატჩი ჩვენთვის ისტორიული გამოწვევაა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული გუნდი წლის მეორე ამხანაგურ მატჩში დღეს, 29 მარტს, ტირანაში ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 20:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

ალბანურმა გამოცემა „პანორამამ“ ამ ამხანაგურ შეხვედრას ისტორიული გამოწვევა უწოდა – თუ რატომ, წერილიდან შეიტყობთ.

„რატომ არის საქართველოსთან მატჩი ისტორიული გამოწვევა ალბანეთისთვის

ალბანეთისა და საქართველოს შორის დუელი Air Albania-ზე ალბანური ფეხბურთის წარმომადგენლებისთვის ისტორიული გახდება. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ 1994 წელს ვითამაშეთ, ეს მეორე გუნდია, რომელსაც ჩვენი ნაკრები თავის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ შეხვდა.

ეს ორი გუნდი ერთმანეთს მეთოთხმეტედ დაუპირისპირდება. ბალანსი აშკარად ქართული მხარის სასარგებლოდაა, რადგან 7 მატჩი მოიგეს, ჩვენ მხოლოდ 3 და კიდევ 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ბოლო გამარჯვება საქართველოს ეროვნულ გუნდთან ალბანეთის ნაკრებმა ბოლო ოფიციალურ მატჩში 2005 წელს მოიპოვა. მას შემდეგ ორ გუნდს შორის ჩატარებულ ოთხ ამხანაგურ მატჩში სამი ფრედ დასრულდა, ერთხელ კი საქართველომ გაიმარჯვა.

ერთადერთი ეროვნული ნაკრები, რომლის წინააღმდეგაც ალბანეთს უფრო მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, რუმინეთია, რომელსაც 17-ჯერ შევხდით. საბერძნეთსა და პოლონეთს 13-13-ჯერ ვეთამაშეთ“.

ალბანური გამოცემის მონაცემებში უზუსტობაა. საქართველო ალბანეთს რეალურად დღეს მე-15 ხვდება და მოიგო 8 მატჩი, 3 წააგო და 3 ფრედ დაასრულა. 2013 წლის 6 თებერვალს, ტირანას სტადიონი „ქემალ სტაფაზე“ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ნაკრებმა 1:2 მოიგო, მაგრამ ფიფა-მ ეს მატჩი ოფიციალური შეხვედრების სიიდან ამოიღო, რადგან მეტოქეებმა დადგენილი 6-6 შეცვლის ნაცვლად, ლიმიტს გადააჭარბეს – ალბანელებმა 8 ფეხბურთელი შეცვალეს, ქართველებმა – 7.