ალბანეთში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პიროტექნიკიდან კვამლი გაუშვეს და პარლამენტის სხდომის ჩაშლა სცადეს
ალბანეთში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის სხდომის ჩაშლა სცადეს. მათ სხდომათა დარბაზში პიროტექნიკიდან კვამლი გაუშვეს.
ამ ფორმით ოპოზიციამ მხარდაჭერა გამოუცხადა სტუდენტებს, რომლებიც ქვეყანაში, უკვე რამდენიმე კვირაა, ანტისამთავრობო აქციებს მართავენ.
ინფორმაციას ალბანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
სხდომაზე ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის დეპუტატებმა პარლამენტის ტრიბუნა დაბლოკეს, მაგიდებზე მუშტების ბრახუნი დაიწყეს და სტუდენტების მხარდამჭერი პლაკატები გამოფინეს. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ოპოზიციის ლიდერის, სალი ბერიშას გამოსვლის დროს. მან პოლიცია ტირანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობაში დაადანაშაულა.
„ესენი დამნაშავეები არიან“, – განაცხადა ბერიშამ მმართველი „სოციალისტური პარტიის“ მისამართით.
მისი თქმით, სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები იმსახურებენ ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებსა და ფიზიკურ ძალადობას და არა ახალგაზრდები. ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერს მიკროფონი გამოურთეს.
„დემოკრატიული პარტიის“ დეპუტატები ბერიშას გარშემო სტუდენტების მხარდამჭერი პლაკატებით შეიკრიბნენ და პიროტექნიკიდან კვამლი გაუშვეს. მიუხედავად დაპირისპირებისა, პარლამენტის სხდომა არ შეწყვეტილა. მმართველი „სოციალისტური პარტიის“ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა, ტაულანტ ბალამ კანონპროექტების განხილვის გარეშე კენჭისყრაზე დაყენება მოითხოვა. ამის შემდეგ მმართველმა პარტიამ საკანონმდებლო ინიციატივების საპარლამენტო დებატების გარეშე მიღება დაიწყო. მათ შორის იყო ალბანეთის ცენტრალურ ბანკთან დაკავშირებული კანონპროექტიც.
სხდომის დასრულების შემდეგ „სოციალისტურმა პარტიამ“ ოპოზიციის ლიდერის, სალი ბერიშას პარლამენტიდან ათი დღით ჩამოშორება მოითხოვა.
ცნობისთვის, ალბანეთში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები, უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება. 25 ოქტომბერს ათასობით დემონსტრანტი ტირანის ქუჩებში გამოვიდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად განათლების სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრ ედი რამას ოფისისკენ მსვლელობა გამართეს. სტუდენტები მთავრობის მეთაურის გადადგომას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გააგრძელებენ. თავად პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.