ალბანეთის პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებზე 167 აქტივისტი დააკავეს, 388 დემონსტრანტის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს, შვიდი პოლიციელი კი სამსახურს დროებით ჩამოაშორეს
ალბანეთის პოლიციის უფროსი სკენდერ ჰიტა აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებზე 167 ადამიანი დააკავეს, 388 ადამიანის წინააღმდეგ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს.
მისივე თქმით, სამსახურებრივ მოვალეობას დროებით ჩამოაშორეს შვიდი პოლიციელი, რომლებსაც უფლებამოსილების გადამეტებასა და პროპორციულობის პრინციპის დარღვევას ედავებიან.
ჟურნალისტის კითხვაზე, გასცა თუ არა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე, ალბანეთის პოლიციის უფროსმა უპასუხა, რომ სამართალდამცველები მხოლოდ ნებადართულ საშუალებებს იყენებდნენ, მათ შორის, რეზინის ტყვიებს, შეზღუდული მასშტაბით.
„ჩვენი მხრიდან გამოიყენება მხოლოდ ის აღჭურვილობა, რომელიც ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოქმედი სტანდარტებითაა დაშვებული და განსაზღვრული. მოქმედებების შედეგად 167 ადამიანი დააკავეს, კიდევ 388 ადამიანის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი წარმოება დაიწყო. ამავე დროს, შვიდი პოლიციელი სამსახურს დროებით ჩამოვაშორეთ და მათ მიმართ დაუყოვნებლივ დაიწყო დისციპლინური გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების, პროპორციულობის პრინციპის დაუცველობისა და აქციის მონაწილეებთან მოპყრობის გამო. პოლიციელებზე განხორციელებული ძალადობის შედეგად, ძირითადად ტირანაში, 132 პოლიციელი დაშავდა, ზოგი მათგანი დღესაც საავადმყოფოში იღებს სამედიცინო დახმარებას“, – განაცხადა სკენდერ ჰიტამ.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის, ედი რამას გადადგომას ითხოვენ. სტუდენტები ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და განათლების სფეროს პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. მათი უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზია ალბანეთის სანაპიროს ტერიტორიების გაყიდვა კურორტის ასაშენებლად.
„როიტერის“ ცნობით, კურორტის მშენებლობის პროექტს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი უჭერს მხარს. თავად რამა აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს. მისი თქმით, არეულობას სტუდენტები არ აწყობენ და ამაში ის ოპოზიციასა და „უცხოურ ძალებს“ ადანაშაულებს.