ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელი - საქართველო ესპანეთი არაა, შეტევის მეტი შანსი გვექნება #1TVSPORT
ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელი - საქართველო ესპანეთი არაა, შეტევის მეტი შანსი გვექნება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებთან წლის მეორე ამხანაგურ მატჩამდე ალბანეთის ეროვნული გუნდის იტალიელ მწვრთნელთან, ედოარდო რეიასთან ერთად პრესკონფერენციაზე სერია „ბ“-ს „ბენევენტოს“ მცველი ბერატ ჯიმშიტიც იმყოფებოდა, რომელმაც მოახლოებულ ამხანაგურ მატჩზე ისაუბრა. თუმცა მანამდე ჟურნალისტებმა კითხვა ესპანეთთან მატჩის შესახებ დაუსვეს.

„რატომ წავაგეთ ესპანეთთან? არ ვიცი, ეს მენტალიტეტის ბრალია, შეგნების, თუ რისი, ბოლო წუთების კონცენტრაცია რომ გვიჭირს – ალბათ, ყველა ამ ჩამოთვლილ საკითხში მცირე პრობლემები გვაქვს. არადა, ბოლო წუთებამდე ესპანეთთან ფრე კარგი შედეგი იყო. არა მგონია, ტექნიკური ან ფიზიკური მზადების პრობლემა იყოს. შეცდომები არ უნდა დავუშვათ და ბოლოს გოლი არ გავუშვათ. ეს უფრო კონცენტრაციასთანაა დაკავშირებული, ვიდრე დაღლილობასთან.

მატჩის შემდეგ ყველა ნერვიულობდა. გასახდელებში მოწყენილი ვიყავით. მატჩი შეიძლება 90 წუთზე მეტხანს გაგრძელდეს, მაგრამ ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით ესპანეთის მსგავს ძლიერ გუნდებთან, რადგან ისინი შეცდომებს არ გპატიობენ, უცებ სარგებლობენ და მერე ანგარიშის გათანაბრება ძნელია. ეს კიდევ ერთი იმედგაცრუება იყო, რადგან ასეთ ძლიერ გუნდთან ფრე ჩვენთვის ისტორიული შედეგი იქნებოდა. მაგრამ ახლა შეცდომების გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ იმასაც ვიხსენებთ, რაც კარგად გავაკეთეთ.

ვფიქრობ, გულშემატკივრებმა ესპანეთთან წაგებულ მატჩშიც დაინახეს, რომ ფეხბურთელებმა მოედანზე ყველაფერი გაიღეს და მჯერა, რომ საქართველოსთანაც ასე იქნება. მაგრამ 29 მარტს სხვაგვარი თამაში იქნება, რადგან ჩვენი მეტოქე ტექნიკით არაა ისეთი მაღალი დონის, როგორც ესპანეთის ნაკრები. თუმცა ამ გუნდის ფეხბურთელები ბევრს დარბიან და თავს კარგად იცავენ. მაგრამ მჯერა, რომ მატჩი განსხვავებული იქნება, რადგან შეტევის მეტი შანსიც გვექნება.“