ალბანეთი: სტუდენტები და მათი მხარდამჭერი მომიტინგეები ქუჩებში ბრუნდებიან
ტირანის ცენტრში გამართული ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს პოლიცია წყლის ჭავლის გამოყენებით შლის. 2026 წლის 20 ოქტომბერი
ალბანეთში სტუდენტების და მათი მხარდამჭერი სხვა მოქალაქეების საპროტესტო აქციები გრძელდება. ოპოზიცია პოლიციის მიერ დედაქალაქში ჩატარებული ოპერაციის შესახებ განმარტებებს ითხოვს, ხოლო ედი რამას მთავრობა, მწვავე საბინაო პრობლემის მოსაგვარებლად, კონკრეტული ზომების მიღებას აპირებს – ამის შესახებ ტირანაში საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ERT) სპეციალური კორესპონდენტი იუწყება.
გუშინ, 21 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრის ოფისთან გამართულ აქციაზე მომხდარი ინციდენტები მასშტაბური არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, საპოლიციო ოპერაციის დროს, დემონსტრანტებმა სხვადასხვა საგანი ისროლეს, რასაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით უპასუხეს.
ძლიერმა წვიმამ აქციის მონაწილეები დაშალა, რის გამოც განათლების სამინისტროსთან დაგეგმილი მსვლელობა გაუქმდა.
ბინის ქირის სუბსიდირება სტუდენტებისთვის და უპროცენტო სესხები ახალგაზრდა წყვილებისთვის
ბანკირებთან გამართულ შეხვედრაზე, ედი რამამ განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ უკვე მოამზადა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, სტუდენტების მიერ დაქირავებული საცხოვრებელი ფართის საფასურის ნახევარს სახელმწიფო დაფარავს. თუმცა, პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, შემოსავლის ან აკადემიური მოსწრების რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ სტუდენტები, ასეთი დახმარება რომ მიიღონ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ახალგაზრდა წყვილებისთვის, ბინის შესაძენად, უპროცენტო სესხების გაცემას გეგმავს. რამამ აღიარა, რომ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ტირანაში, საცხოვრებლის პრობლემა მწვავედ დგას. მან ასევე ისაუბრა 3-პროცენტიან განაკვეთზე იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც ახალ ბიზნესს წამოიწყებენ.
პრემიერ-მინისტრის ამ ბოლო განცხადებებს, როგორც ჩანს, მომიტინგეთა განწყობასა და სიმტკიცეზე არ უმოქმედია: გუშინ მათ აქცია მაინც გამართეს, ამჟამად კი ახალ საპროტესტო გამოსვლებს ამზადებენ.
პოლიციის მოქმედება ყურადღების ცენტრშია
დღეს ალბანეთის პარლამენტის გადადებული სხდომა უნდა გაიმართოს. მისი მიმდინარეობისას, ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრს, სავარაუდოდ, დაუსვამს კითხვებს აქციების დროს რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის, ასევე წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ.
გარდა ამისა, პარლამენტის შენობასთან იგეგმება აქცია, სადაც ოპოზიცია მთავრობის მიერ ვითარების მართვის მეთოდებს გააკრიტიკებს.
ამავდროულად, პროკურატურამ ზოგიერთი დაკავებული გაათავისუფლა და დაადგინა: მათი მხრიდან კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ისინი საპროტესტო აქციის ჩვეულებრივი მონაწილეები იყვნენ.
ეს ხაზს უსვამს პოლიციის ქმედებების და პროკურატურის გადაწყვეტილებების ერთმანეთისგან აცდენას იმ პირობებში, როდესაც ყოველდღიურად ათობით მომიტინგეს აკავებენ, ზოგიერთი დაკავებული კი პატიმრობაში 3 დღის განმავლობაში რჩება.
პროტესტი გრძელდება. მისი მონაწილეები ახლა უკვე გაცილებით მეტ პოლიტიკურ ცვლილებებს ითხოვენ და აცხადებენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ.
რეპორტაჟი ტირანიდან: დესპოინა კრიტიკოუ