ალბანეთი: საპროტესტო აქციები მთავრობისა და ტრამპის სიძის მდიდრული კურორტის წინააღმდეგ (ვიდეო)

10:59, 08.07.2026
საპროტესტო აქცია ალბანეთის დედაქალაქში

საპროტესტო აქცია ალბანეთის დედაქალაქში

[MEDIA PLACEHOLDER, WILL AUTOMATICALLY BE REPLACED BY PLAYER]

უკვე 37-ე დღეა, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში უწყვეტად გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის სახელთან დაკავშირებული ფეშენებელური კურორტის მშენებლობის წინააღმდეგ არის მიმართული. მორიგი მსვლელობა ტირანას ქუჩებში დემონსტრანტებმა 6 ივლისს გამართეს.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მილიარდ დოლარს (3,4 მილიარდ ევროს) შეადგენს; თავად კურორტი კი ზვერნეცში, ვიოსა-ნარტას დაცული სანაპირო ლანდშაფტის რამდენიმე ჰექტარსა და ადრიატიკის ზღვის დაუსახლებელ კუნძულ საზანზე უნდა აშენდეს.

კომპლექსის მშენებლობამ ალბანეთის მთავრობის მხარდაჭერა უკვე მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ. მათი განცხადებით, კურორტის მშენებლობამ, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეგიონის ბიომრავალფეროვნებას და ფრინველთა მიგრაციის მარშრუტებს.

ვიოსა-ნარტას დაცულ ტერიტორიაზე ფლამინგოები, სელაპები და ზღვის კუები ბინადრობენ.

მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციები თავდაპირველად სამშენებლო პროექტთან დაკავშირებული ეკოლოგიური საკითხების გამო დაიწყო, მოგვიანებით პროტესტი მთავრობისა და სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, ედი რამას წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან გამოსვლებში გადაიზარდა.

ვიდეოკადრებში ჩანან დემონსტრანტები, რომლებიც ღამით ტირანის ქუჩებში მართავენ აქციას.

 

სტატიის ავტორი: ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU – European Broadcasting Union)

ფოტოს და ვიდეოს ავტორი: დოინა ბოტნარი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 7 ივლისი 2026, 13:48 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი