ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი – ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ მომხდარ შემთხვევაში ნათლად გამოჩნდა გარკვეული ძალების დაინტერესება

20:20, 09.03.2021

ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი დავითი აცხადებს, რომ ნათლად გამოჩნდა გარკვეული ძალების დაინტერესება ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.

„გუშინდელი შემთხვევა არაეთიკური იყო. არ შეიძლება, როდესაც კრება მიმდინარეობს, სასულიერო პირებთან შტურმით მოხდეს დარბაზში შეჭრა, სხვა სიტყვას ვერ მივუსადაგებ. ნათლად გამოჩნდა გუშინდელ შემთხვევაში, რომ გარკვეულ ძალებს დაინტერესება აქვთ, რადგან ყველა საინფორმაციო საშუალება არასწორად, უმართებულოდ ადანაშაულებდა მომხდარში მეუფეს და სასულიერო პირებს. როგორც ჩანს, ძალიან ბევრი არიან ძალები, რომელთაც სურთ, რომ ეს შემთხვევა სახელდებული იყოს როგორც ეკლესიის მხრიდან არაეთიკური მოქმედება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დავითმა.

რაც შეეხება იმას, ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან, მიტროპოლიტი დავითი აღნიშნავს, რომ კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე გადაჭრით საუბარი შესაძლოა, სწორი არ იყოს.

„გადაჭრით იმის თქმა, რომ კომკრეტულდ რომელიმე პოლიტიკური ძალა დგას, შეიძლება, არ იყოს მართებული, მაგრამ ის, რაც ხდება ზოგადად საქართველოში, სახელმწიფოში, მისი ანარეკლი თავისთავად ხდება ეკლესიის შიგნითაც, ფაქტია. რაც შეეხება სასულიერო პირების, თუ მეუფის განცხადებას, თუნდაც ესეც კი საკმარისი იქნება ეჭვის დამადასტურებელ ფაქტორად მოსაყვანად, რომ ნაწილობრივ შეიცავს პოლიტიკურ განცხადებებს,

თუ მეუფე სტეფანეს ნათქვამს ვერწმუნებით, მეუფე პეტრეს თავის ყოფილ სამღვდელოებასთან აქვს ურთიერთობა. ძნელია იმის თქმა, თუ რაზე ლაპარაკობენ, მაგრამ შეიძლება, ბიძგის, წაქეზების მომენტები იყოს, რადგან თუ ყოფილი მღვდელმთავარი თავის ყოფილ სასულიერო პირებთან არის ჩართული, იქ ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დავითმა.

შეგახსენებთ, მარტვილში გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ექვსი მედიის წარმომადგენელი.

ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა ეპარქიაში ახლად დანიშნული მიტროპოლიტის, სტეფანეს მიერ ორი სასულიერო პირისთვის, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების ჩამორთმევა.

შეხლა-შემოხლის დროს, ეპარქიის მეორე სართულზე ხის მოაჯირი ჩამოინგრა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა.

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილი ითხოვს, ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეფანემ დაუყოვნებლივ დატოვოს ეპარქია.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღძრა საქმე, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი