ალარ კარისი – ახლო მომავალში რუსეთის მიერ ესტონეთზე თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ
ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა ტელეარხ „ესპრესოსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის მიერ ესტონეთის წინააღმდეგ აგრესიის დაწყება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა შეუძლებელია იმის პროგნოზირება, როგორი იქნება ვითარება 5, 10 ან 15 წლის შემდეგ.
მისი თქმით, ესტონეთი ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყოს.
კარისის განცხადებით, ესტონეთს უკვე ჰყავს მომზადებული სამხედრო რეზერვი და თავდაცვის კავშირი, თუმცა ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის თავშესაფრები არ არის.
„ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენ მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს მზადყოფნა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ბევრი რამ გავაკეთეთ: გვყავს კარგად მომზადებული სამხედრო რეზერვი და ასევე თავდაცვის კავშირი. ამავდროულად, ალბათ ჩვენი ერთ-ერთი სუსტი მხარე სამოქალაქო მოსახლეობის მზადყოფნაა. არ გვაქვს საკმარისი თავშესაფრები და სხვა აუცილებელი საშუალებები. ამ საკითხში შეგვეძლო, უკრაინისგან გვესწავლა“, – განაცხადა კარისმა.
ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთი „ძალიან სუსტ პოზიციაშია“, თუმცა მომავალში ვითარება, შესაძლოა, შეიცვალოს.
„არავინ იცის, რა მოხდება 5, 10 ან 15 წლის შემდეგ. მე ყოველთვის მომყავს მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდის მაგალითი. მაშინ შესანიშნავი არმია გვყავდა, მაგრამ მარტო ვიყავით, მოკავშირეების გარეშე“, – განაცხადა კარისმა.
მისივე თქმით, დღეს ესტონეთის მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდისგან, რადგან ქვეყანა ნატო-ს წევრია.
კარისმა ასევე ისაუბრა რუსეთის მხრიდან არსებულ ჰიბრიდულ საფრთხეებზე და აღნიშნა, რომ მსგავსი საფრთხეები ესტონეთისთვის ახალი არ არის.
„ჰიბრიდული საფრთხეები, უკვე საკმაოდ დიდი ხანია, არსებობს. სწორედ ამიტომ შევქმენით ესტონეთში შესაბამისი ცენტრები. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა ჯერ კიდევ 2007 წელს იყო. მაშინ სხვების დარწმუნება დავიწყეთ, რომ ესეც ომის ნაწილია. ახლა ესტონეთში ნატო-ს კიბერთავდაცვის ცენტრი მუშაობს, რომლის საქმიანობაშიც უკრაინაც არის ჩართული“, – განაცხადა კარისმა.
მისი თქმით, ესტონეთი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მზად არის, თუმცა საფრთხეები მხოლოდ კიბერსივრცით არ შემოიფარგლება.
„ამ საკითხში ჩვენ მზად ვართ, მაგრამ საქმე მხოლოდ კიბერუსაფრთხოებას არ ეხება. არსებობს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი და ბევრი სხვა საფრთხე. მათ შორისაა ყალბი ამბებიც“, – აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.