ალან დუნკანი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრის თანამდებობას ტოვებს
ალან დუნკანი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრის თანამდებობას ტოვებს

ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა, ალან დუნკანმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

„ბიბისის“ ცნობით, გადადგომის გადაწყვეტილება დუნკანმა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარედ ბორის ჯონსონის შესაძლო არჩევის შესახებ პროტესტის ნიშნად მიიღო.

თავის განცხადებაში ალან დუნკანი ბრექსიტის „შავ ღრუბელს“ უწოდებს, რომელიც აფერხებს დიდი ბრიტანეთს, რომ გახდეს მსოფლიოში დომინანტი, ინტელექტუალური და პოლიტიკური სახელმწიფო.

სერ ალან დუნკანი დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის აქტიური კრიტიკოსია. ის დიდი ბრიტანეთის „ფორინ ოფისში“ 2016 წლიდან მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონის გამარჯვების შემთხვევაში გადადგომას დიდი ბრიტანეთის კიდევ ორი მინისტრი გეგმავს – ფინანსთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი და იუსტიციის მინისტრი დევიდ გოკი.

კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარისა და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ტერეზა მეის შემცვლელის ვინაობა 23 ივლისს უნდა გახდეს ცნობილი. კანდიდატებს შორის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი და მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი არიან.