ალადაშვილის კლინიკაში მოთავსებული 50 წლამდე მამაკაცი მართვით სუნთქვაზე რჩება
ალადაშვილის კლინიკაში მოთავსებული 50 წლამდე მამაკაცი მართვით სუნთქვაზე რჩება

ალადაშვილის კლინიკაში მოთავსებული 50 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის, ლევან ბესელიას განცხადებით, პაციენტი კლინიკაში გუშინ 04:00 საათზე შეიყვანეს და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ დრომდე ვერ ხერხდება მამაკაცის იდენტიფიცირება.

„უცნობი მამაკაცის მდგომარეობა არის მძიმე. იყო თავის ტვინის ტრავმა. პაციენტს ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია, ჰემატომის ევაკუაცია. ამ ეტაპზე მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში. სტაბილიზაცია მიღწეულია. მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება არ არის, თუმცა არის ძალიან მძიმე ტრავმა, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას. ამ ეტაპზე მისი იდენტიფიცირება ვერ ხდება. პაციენტი იმყოფება პოსტნარკოზულ პერიოდში. ამ ეტაპზე კომატოზური არის თუ არა მდგომარეობა, მისი შეფასება სრულყოფილად შეუძლებელია. გამოიწვია თუ არა დაზიანება რეზინის ტყვიამ, ვერც ამის იდენტიფიცირება ვერ ხდება ამ ეტაპზე. ამოღებულია მასალა, რომელიც ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. პაციენტი შემოიყვანეს წუხელ 04:00 საათზე”, -განაცხადა ლევან ბესელიამ.

მისივე თქმით, კლინიკაში სულ 28 პაციენტია შეყვანილი.

„სულ შემოყვანილ იქნა 28 პაციენტი. ამ ეტაპზე კლინიკაში იმყოფება ექვსი პაციენტი. სტაბილურია დანარჩენის მდგომარეობა, იმყოფებიან სხვადასხვა განყოფილებებში. აქვთ თავის ტრავმები, თავის ტვინის შეტევები“, – განაცხადა ლევან ბესელიამ.