„ალ ჯაზირას“ ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 73 ადამიანი ემსხვერპლა
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 73 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, მსხვერპლთა შორის 20 ბავშვი და 25 ქალია, 61 ადამიანი კი მხოლოდ ქალაქ ღაზაში დაიღუპა.
ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად არაბულ ანკლავში ბოლო ერთ დღეში 230-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციის სამიზნე გახდა საავადმყოფოები, თავშესაფრები და საცხოვრებელი სახლები.
გავრცელებული ცნობით, ავიაიერიშები განხორციელდა ღაზის სამხრეთში, ქალაქ ხან იუნისში, ასევე არაბული ანკლავის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში.
არაბული მედიის ცნობით, 2023 წლის 7 ოქტომბერს ღაზაში ისრაელის არმიის შესვლის შემდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 46 707 ადამიანი ემსხვერპლა, 110 265 კი დაშავდა. მანამდე, სულ მცირე, 1 139 ადამიანი დაიღუპა ისრაელში „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმების დროს, 200-ზე მეტი ადამიანი კი ტყვედ აიყვანეს.