„ალ-ჯაზირა“ - აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ სავარაუდოდ თავი აიფეთქა
„ალ-ჯაზირა“ - აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ სავარაუდოდ თავი აიფეთქა

„ალ-ჯაზირას“ ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაციის დროს, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ სავარაუდოდ თავი აიფეთქა. როგორც „ალ-ჯაზირას“ კორესპონდენტი აცხადებს, სირიის პროვინცია იდლიბში ჩატარებული ოპერაციის დროს მამაკაცმა მოქმედებაში მოიყვანა ე.წ. შაჰიდის ქამარი. მათივე ცნობით, სავარაუდოდ ეს ადამიანი ალ-ბაღდადი იყო.

თურქული მედია კი სპეცოპერაციის დეტალებზე წერს. მათი ცნობით, ამერიკელი სპეცრაზმელები სირიაში რვა ვერტმფრენით ჩავიდნენ.

„თავდაპირველად ამერიკული ვერტმფრენები საათნახევრის განმავლობაში ბომბავდნენ დასახლებულ პუნქტ ბარიშთან გამაგრებული ტერორისტების პოზიციებს. ოპერაციაში ასევე მონაწილეობდა ორი უპილოტო საფრენი აპარატიც. ამის შემდეგ კი საქმეში ამერიკელი მედესანტეები ჩაერთვნენ“, – წერს თურქული მედია.

როგორც ჟურნალისტების ამტკიცებენ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის წინააღმდეგ ოპერაცია ოთხი საათი გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, ამერიკული მედიის ცნობით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“, ლიკვიდირებულია. ოფიციალურ განცხადებას ამასთან დაკავშირებით დღეს დონალდ ტრამპი გააკეთებს.