„ალ ჰილალმა“ „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

07:58, 01.07.2025

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი „მანჩესტერ სიტი“ გამოეთიშა. ორლანდოში გამართულ მერვედფინალურ შეხვედრაში ინგლისური გუნდი საუდის არაბეთის წარმომადგენელმა, „ალ ჰილალმა“ დაამარცხა – 4:3.

მატჩი „სიტისთვის“ კარგად დაიწყო და მე-9 წუთზე ბერნარდუ სილვას გოლით დაწინაურდა. მეორე ტაიმის დასაწყისში „ალ ჰილალმა“ მარკოს ლეონარდოსა და მალკომის გოლებით 52-ე წუთისთვის დაწინაურება მოახერხა. მალევე, 55-ე წუთზე ერლინგ ჰალანდმა წონასწორობა აღადგინა და ძირითადი დრო 2:2 დასრულდა.

პირველ დამატებით ტაიმში, 94-ე წუთზე წინ ისევ არაბული გუნდი გავიდა, გოლი კალიდუ კულიბალის ანგარიშზეა. „სიტის“ მხრიდან ანგარიშის გათანაბრება ფილ ფოდენმა 104-ე წუთზე შეძლო, ხოლო „ალ ჰილალისთვის“ გამარჯვების გოლი მეორე დამატებით ტაიმში, 112-ე წუთზე მარკოს ლეონარდომ ჩაიწერა.

შედეგად, „ალ ჰილალი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია, სადაც ბრაზილიურ „ფლუმინენსეს“ შეხვდება. მატჩი 4 ივლისს ორლანდოში გაიმართება.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მერვედფინალური ეტაპის ორი მატჩია დარჩენილი – მადრიდის „რეალი“ ტურინის „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება, ხოლო „დორტმუნდი“ – მექსიკურ „მონტერეის“. ტურნირის ყველა შეხვედრის ხილვა პირველი არხის პლატფორმებზე შეგიძლიათ.

მსგავსი