აკრძალვის მიუხედავად, ყვითელჟილეტიანები პარიზში დღეს აქციას გამართავენ
აკრძალვის მიუხედავად, ყვითელჟილეტიანები პარიზში დღეს აქციას გამართავენ

საფრანგეთში გამარჯვების დღეს ზეიმობენ. ქვეყნის დედაქალაქში დღეს სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი პარიზიდან იუწყება, შანზელიზეს ქუჩა დილიდან გადაკეტილია.

ტრიუმფალურ თაღთან დღეს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მივა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

საფრანგეთის დედაქალაქში დღეს უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით დაცულია. მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი, რომელსაც შანზელიზეს ქუჩა, ტრიუმფალური თაღის მიმდებარე ტერიტორია და ელისეს სასახლის მისასვლელები გადაკეტილი აქვს.

დღესვე ემანუელ მაკრონის გაპრეზიდენტებიდან ორი წელი გავიდა და პრეზიდენტი სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს.

ამასთან, ფრანგი სამართალდამცველების მხრიდან აკრძალვის მიუხედავად, ყვითელჟილეტიანები 8 მაისს პარიზში საპროტესტო აქციას გამართავენ.

26-ე მანიფესტაციის ჩატარებას ისინი პარიზის ცენტრალურ უბნებში გეგმავენ. ყვითელჟილეტიანების ინფორმაციით, ტროკადეროს მოედნიდან დაიძრებიან და შანზელიზეს ქუჩას გაივლიან.