აკია ბარბაქაძე - ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, უნდა ჩამოვაყალიბოთ საბჭო, შევიკრიბებით ყველა, „ნაციონალური მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი
აკია ბარბაქაძე - ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, უნდა ჩამოვაყალიბოთ საბჭო, შევიკრიბებით ყველა, „ნაციონალური მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი

ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, შევიკრიბებით აქ მყოფი პარტიები, „ნაციონალური მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც აკია ბარბაქაძემ აღნიშნა, ძლაუფლების წყარო არის ხალხი.

„თქვენშია ეს ძალაუფლება. ხალხნო, გინდათ, რომ აიღოთ ძალაუფლება ხელში?! აქ არის. ასწიეთ ხელი ვის გინდათ ძალაუფლება. ეგ არის ნამდვილი მანდატი, აი, ეს არის ნამდვილი ძალაუფლება. თქვენ შეგიძლიათ, ერთ წამში დაასრულოთ ყველაფერი. ყველანი, პოლიტიკოსები ვართ თქვენი ნების აღმსრულებლები. რა გინდათ, თქვით. გინდათ რეალური თავისუფლება?! გინდათ გამარჯვება?! აქ არის. უნდა ჩამოვაყალიბოთ ანტიკოლაბორაციონისტული საბჭო, უნდა გადავდგათ ნაბიჯი, უნდა შევიყვანოთ ყველა პროდასავლური პოლიტიკური ძალა, თითო წარმომადგენელი და უნდა ვაიძულოთ ერთმანეთი, უნდა ვაიძულოთ ყველა პოლიტიკური ძალა, რომ აღასრულონ ნება თქვენი. ნება ღვთისა, ნება ერისა აქ არის. ნუ გეშინიათ, უფალი მებრძოლთან არის. უფალი ყოველთვის მაშინ იყო ჩვენ გვერდით, როცა ვიბრძოდით. ვიბრძოდით მარტოები, ვიბრძოდით ერთად, ცალ-ცალკე, მაგრამ სულ ვიბრძოდით. რამ ჩაგვაჩუმა?! ამ საწყლებმა?! საკუთარი თავის რომ ეშინიათ, დღეს რომ აწივლდნენ „სლავა უკრაინათი“, აქამდე რომ სიტყვა ვერ თქვეს, აი, ამათმა?! სულ „სლავა უკრაინას“ ძახილით წავლენ აქედან. ეს თქვენი გადასაწყვეტია. ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს. შევიკრიბებით, ამ საბჭოში შემოვა ყველა. აქ მყოფი პარტიები, „ნაციონალური მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი. ყველა პარტიას დაველაპარაკებით კიდევ ერთხელ და ვიტყვით, რომ ძალა ერთობაშია. აი, ეს გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩვენს ფესვებთან. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს მონობა, რომელიც აქ არის. აი, მაშინ დავდგებით ღირსეულად უკრაინელების გვერდით. აი, მაშინ ექნება ფასი ჩვენს თანადგომას და სოლიდარობას, თორემ ახლა, უკუდო ხარი სხვას ბუზებს უგერიებდაო – აი, ეგ არის ჩვენი რეალობა. აი, აქა ვართ ახლა დღეს“, – განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ხალხი არ უნდა დაიღალოს, ორშაბათს ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ.

„უნდა გამოხვიდეთ, დადგეთ, მოითხოვოთ და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს თქვენთვის. გავაკეთებთ იმას, რაც თქვენ გინდათ, თქვენ გექნებათ ღირსეული ცხოვრება. აღარ იქნება მშიერი, აღარ იქნება მათხოვარი ამ ქვეყანაში, სადაც უკუღმა რომ მარცვალი გადააგდო, წაღმა ამოვა. მთელი მსოფლიო რომ შიმშილობდა, საუკუნეების წინ, აქ ყველა მაძღარი იყო. მათხოვარი არ გვყავდა და გაგვამათხოვრეს. ერთმა ჩია კაცმა გაგამათხოვრათ. უნდა დავასრულოთ. ჩვენ გავიმარჯვებთ, თქვენ გაიმარჯვებთ და ჩვენ, ყველანი ერთად ღირსეულად ვიცხოვრებთ საქართველოში. ისეთ ქვეყანაში ვიქნებით, სადაც ყველა ჩვენი მეზობელი, ყველა ჩვენი კეთილის მსურველი, სტრატეგიული პარტნიორი გაკვირვებული იქნება. ძალიან ცოტაა გასაკეთებელი. ძალიან ადვილია ამ ძალის გაშვება. რუსეთი დამარცხებულია. რუსეთი შეშინებულია. პუტინი სად დაიმალოს ჯურღმულში, იმას ფიქრობს და ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო გაერთიანდა, იმ ხალხს დაეწყო შიშები, ვინც მარტო ებრძოდა ამ ურჩხულს. არა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ არ დავაბრუნებთ იმ მოცემულობას, რაშიც 70 წელიწადი ვიარეთ – ბოლშევიზმში, ფაშიზმში. ჩვენ თუ ერთად არ დავდექით, ჩვენ თუ არ დავამარცხეთ, ესენი ფაშიზმს გვიშენებენ აქ. ესენი ჯაშუშებს ეძებენ აქ, თქვენში, ყველაში. ამათ უნდათ ბოლომდე ამოგხადონ სული. აი, ეს არის მოცემულობა და სიმართლე. აი, ამის სათქმელად მოვედი აქ, თქვენთან. თქვენს ხელშია ძალაუფლება. რასაც თქვენ იტყვით, ის გაკეთდება. ორშაბათიდან ვიწყებთ მოძრაობას. დასრულდებიან თავისით. გამოხავლთ ამდენი?! სამ დღეში დასრულდებიან. გამოხვალთ ნაკლები?! ერთ კვირაში, მაგრამ მაინც დასრულდებიან“, – განაცხადა აკია ბარბაქაძემ.