ახალწვეულებით და განახლებული შემადგენლობებით - საფეხბურთო სეზონი სუპერთასით გაიხსნება #1TVSPORT
საქართველოში ახალი სეზონი 20 თებერვალს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის გათამაშებით გაიხსნება – დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი „საბურთალო“ ეროვნული ლიგის გამარჯვებულს, ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.
ორივე გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი თურქეთში გაიარა – ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“ უკვე სამშობლოში არიან და მოახლოებული შეხვედრისთვის ადგილზე ემზადებიან.
გასული სეზონისგან განსხვავებით, თბილისელები განსხვავებული შემადგენლობით ხვდებიან ახალ სეზონს. გუნდში ითამაშებენ ნოდარ იაშვილი, ნოდარ ქავთარაძე, ლაშა შინდაგორიძე, დავით უბილავა, ირაკლი სიხარულიძე, ბაქარ ქარდავა და გია ჩადუნელი.
ბათუმის „დინამომ“ კი ახალი სეზონისთვის დაიმატა გიორგი ბეგაშვილი, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი რეხბვიაშვილი, აბრაჰამ ფრიმპონგი, მილან რადინი, ირაკლი ბიძინაშვილი, გუგა ფალავანდიშვილი, ჯანო ანანიძე, გუჯა ლობჯანიძე და სტეფან დენკოვიჩი.
არსებობის ისტორიაში „საბურთალოსთვის“ ეს მესამე სუპერთასის მატჩი იქნება – პირველად ეს 2019 წელს მოხდა. მაშინ თბილისური გუნდი ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. ხოლო 2021 წელს ამავე ანგარიშით თბილისის „დინამოს“ დამარცხებით პირველი სუპერთასი მოიგო – მაშინ ერთადერთი გოლი გიორგი კოხრეიძემ პენალტით გაიტანა.
ბათუმელები კი სუპერთასისთვის მეოთხედ იბრძოლებენ. გუნდი პირველი სამი გათამაშების მონაწილეა, რომელიც გაზეთ „რეზონანსის თასის“ სახელით ტარდებოდა. მაშინ ბათუმელები სამივეჯერ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ, საპატიო ჯილდოს კი მესამე ცდაზე დაეუფლნენ.
1996 დინამო თბილისი 4:0 დინამო ბათუმი
1997 დინამო თბილისი 4:1 დინამო ბათუმი
1998 დინამო ბათუმი 2:1 დინამო თბილისი
რაც შეეხება „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ სტატისტიკას – გუნდები 20-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 8 შემთხვევაში თბილისელებმა იმარჯვეს, 7 გამარჯვება აჭარლებს დარჩათ, ხოლო 5 მატჩი ფრედ დასრულდა.
20 თებერვალი. რამაზ შენგელიას სტადიონი. 18:00
სუპერთასის მატჩი
დინამო (ბთ) – საბურთალო