ახალკაცის სახელობის ფესტივალი დასრულდა - სამივე ასაკში „დინამო თბილისმა“ გაიმარჯვა #1TVSPORT
დასრულდა ნოდარ ახალკაცის სახელობის ტრადიციადქცეული საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი, რომელსაც 28 მაისიდან თბილისის „დინამოს“ აკადემია მასპინძლობდა.
ტურნირი სამი ასაკის ბავშვებში ჩატარდა – 2013, 2014 და 2015 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის. ფესტივალი „დინამო თბილისის“ აკადემიის დომინაციით დასრულდა, რომლის გუნდებიც სამივე ასაკში მთავარი ჯილდოს მფლობელები გახდნენ.
განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა ყველაზე უფროსი, 2013 წელს დაბადებულთა ფინალი, სადაც „დინამო თბილისი“ ბათუმის „დინამოს“ აკადემიას დაუპირისპირდა. ფრედ (1:1) დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც თბილისელებმა უკეთ შეასრულეს.
ნოდარ ახალკაცის სახელობის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალის ორგანიზატორი თბილისის ფეხბურთის ფედერაცია იყო, რომელმაც ტურნირი უკვე მე-15 ჩაატარა.