ახალი ზელანდიის პრემიერი - კრაისტჩერჩის თავდასხმის ორგანიზატორის სახელს არასდროს ვახსენებ
ახალი ზელანდიის პრემიერი - კრაისტჩერჩის თავდასხმის ორგანიზატორის სახელს არასდროს ვახსენებ

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ის არასდროს ახსენებს კრაისტჩერჩში მეჩეთებზე თავდასხმის შემსრულებლის სახელს. ეს განცხადება ჯასინდა არდერნმა პარლამენტში გამოსვლის დროს გააკეთა.

„მოგიწოდებთ, ყველაზე ხშირად ახსენოთ დაღუპულების სახელები და არა მისი, ვინც ამ ადამიანებს სიცოცხლე წაართვა. ის ტერორისტია, კრიმინალია. ის ექსტრემისტია. ის ჩემთვის უსახელოა“, – განაცხდა არდერნმა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში გამართული შეხვედრის დროს ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი აუდიტორიას არაბულად მიესალმა. მან დეპუტატებს პირობა მისცა, რომ თავდამსხმელი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

ახალი ზელანდიის მთავრობის მეთაურმა ასევე მოუწოდა სოციალურ ქსელებს, მეტი გააკეთონ, რათა მსგავსი ტერორისტული აქტები არავინ წაახალისოს.

„ჩვენ გულხელდაკრეფილი ვერ შევეგუებით სხვადასხვა სოციალურ ქსელში მსგავსი პლატფორმების არსებობას და ვერ ვიტყვით, რომ ამაზე პასუხისმგებლები მხოლოდ ამ პლატფორმების ავტორები არიან. სოციალური ქსელები აქვეყნებენ ამ პლატფორმებს. ისინი ფოსტალიონები არ არიან. მათაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ჯასინდა არდერნმა.

ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში თავდასხმა 15 მარტს მოხდა. ულტრამემარჯვენე ექსტრემისტმა ბრენტონ ტარანტმა 50 ადამიანი მოკლა. 30 დაშავებული საავადმყოფოში რჩება. მოკლულებს შორის არიან ლტოლვილები თურქეთიდან, პაკისტანიდან, ინდოეთიდან, ქუვეითიდან და სხვა ქვეყნებიდან.