ახალი წესები ევროკავშირში: ამიერიდან დროებით დაცვას მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვინც უკრაინაში სამხედრო მოვალეობები შეასრულა
გერმანული ენის მასწავლებელი, პეტრა შულტე (მარჯვნივ) უკრაინელ ლტოლვილ ქალებს გერმანულის გაკვეთილს უტარებს. ბერლინი, 2022 წლის 21 ოქტომბერი
ევროკავშირის ქვეყნები დათანხმდნენ ევროკომისიის წინადადებას უკრაინელებისთვის დროებითი დაცვის 2028 წლის 4 მარტამდე გაგრძელების შესახებ. თუმცა, სამომავლოდ, დროებითი დაცვა მხოლოდ მათ მიეცემათ, ვინც უკრაინაში სამხედრო მოვალეობები შეასრულა.
ამის შესახებ 15 ივლისს ევროკავშირის საბჭომ განაცხადა.
ევროკავშირის ქვეყნები მზად არიან, ომის გამო უკრაინიდან გასულ ადამიანებს დროებითი დაცვის სტატუსი კიდევ ერთი წლით – 2028 წლის 4 მარტამდე გაუგრძელონ.
ამასთან, ევროკავშირის ქვეყნები ამ სტატუსის მინიჭების ახალ პირობაზეც შეთანხმდნენ – სამომავლოდ, დროებითი დაცვა მხოლოდ იმ ახალ განმცხადებლებს მიეცემათ, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ უკრაინაში სამხედრო მოვალეობები შეასრულეს.
კერძოდ, მტკიცებულებად ჩაითვლება პასპორტი, რომელშიც უკრაინის ხელისუფლების მიერ დასმული ბეჭედი მისი მფლობელის ქვეყნიდან კანონიერად გამგზავრებას ადასტურებს. განმცხადებელს ასევე შეუძლია წარადგინოს ქაღალდის ან ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას ან ამ სამსახურის გავლას ადასტურებს.
ახალი წესები არ გავრცელდება იმ უკრაინელებზე, რომლებიც უკვე სარგებლობენ დროებითი დაცვით ევროკავშირის ქვეყნებში.
ამჟამად მოქმედი პროგრამა 2027 წლის 4 მარტამდეა ძალაში. 2026 წლის 31 მაისის მდგომარეობით, ევროკავშირში დროებითი დაცვით უკრაინიდან გასული 4,38 მილიონი ადამიანი სარგებლობდა.
სტატუსის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში ოფიციალურად მიიღებს. გადაწყვეტილება ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მისი გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა.
დროებითი დაცვა პირებს ანიჭებს ბინადრობის, დასაქმების, სამედიცინო და სოციალური დახმარების, საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და შვილებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის უფლებას.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის დროებითი დაცვის პროგრამიდან სამხედრო გაწვევის ასაკში მყოფი უკრაინელი მამაკაცების გამორიცხვის საკითხზე კონსულტაციები ევროკომისიამ კიევთან ივნისში გამართა.
26 ივნისს, ევროკომისიამ წარუდგინა ევროკავშირის საბჭოს წინადადება უკრაინელებისთვის დროებითი დაცვის ვადის გაგრძელების შესახებ, რომლებმაც ქვეყანა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დატოვეს, 2028 წლის 4 მარტამდე. ამავდროულად, ინიციატივა გამონაკლისებს ითვალისწინებს: შემოთავაზებულია, რომ ეს სტატუსი არ უნდა მიენიჭოს ახლად ჩამოსულ, სამხედრო ვალდებულების ასაკში მყოფ მამაკაცებს.