ახალი სამთავრობო პროგრამის თანახმად, სახელმწიფო ინტერესების დაცვა გაგრძელდება სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში, ასევე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და ადამიანის უფლებათა მმართველ კომიტეტში
ახალი სამთავრობო პროგრამის თანახმად, სახელმწიფო ინტერესების დაცვა გაგრძელდება სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში, ასევე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და ადამიანის უფლებათა მმართველ კომიტეტში

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ 2021-2024 წლებში სახელმწიფო ინტერესების დაცვა გაგრძელდება სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში, ასევე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და ადამიანის უფლებათა მმართველ კომიტეტში (CDDH).

ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე საუბარია სამთავრობო პროგრამაში – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, რომელიც პარლამენტს გუშინ წარედგინა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომის საქმეზე და დაიწყება მისი აღსრულების პროცედურები.

„კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის გამოძიება და გაგრძელდება თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების დასაცავად”, – ნათქვამია დოკუმენტში.

სამთავრობო პროგრამა პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად წარედგინა.

საკანონმდებლო ორგანო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობას მომავალ კვირას დაიწყებს.