ახალი საფეხბურთო ჯილდო - ჩემპიონის ფარი პირველად „ტორპედოს“ გადაეცა
2017 წლის სეზონის შემდეგ, ეროვნული ლიგის გამარჯვებულს ჩემპიონის ფარი გადაეცემა. მსგავსი სიმბოლური პრიზის გადაცემა ყველა ცნობილ ლიგაში დამკვიდრებული წესია, საქართველოში კი ეს წელს პირველად მოხდა.
ფარის დიზაინზე კომპანია Kollektiv-ი მუშაობდა. ეროვნული ლიგის ჯილდოზე იუველირმა გოგა ელბაქიძემ იმუშავა. ფარი თეთრ ოქროშია ამოვლებული, 55 სმ დიამეტრისაა და 10 კგ-ს იწონის. ჩემპიონის ფარზე, ხევსურული ორნამენტების გარდა, ასევე გამოსახულია 1990 წლიდან მოყოლებული ქვეყნის ყველა ჩემპიონი კლუბი სეზონების მიხედვით.
იდეა შემდეგნაირად დაასაბუთეს: ჩემპიონის ფარი – ძველი ხევსურული ფარის დეტალებს იმეორებს; ხევსურული ფარი დაცვის გარდა, შეტევის ფაზაშიც იმავე წარმატებით გამოიყენებოდა; ამ ფუნქციური ბალანსით, ის ფეხბურთს და ზოგადად, გუნდური შეჯიბრების ხასიათს კარგად ასახავს.
ჩემპიონის ფარი დღეს პირველად ქუთაისის „ტორპედოს“ გადაეცა, რომელმაც „დინამო არენაზე“ გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისის „დინამო“ 1:0 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს მეოთხედ დაეუფლა.