ახალი საფეხბურთო ჯილდო – ჩემპიონის ფარი პირველად „ტორპედოს“ გადაეცა

23:38, 26.11.2017

2017 წლის სეზონის შემდეგ, ეროვნული ლიგის გამარჯვებულს ჩემპიონის ფარი გადაეცემა. მსგავსი სიმბოლური პრიზის გადაცემა ყველა ცნობილ ლიგაში დამკვიდრებული წესია, საქართველოში კი ეს წელს პირველად მოხდა.

ფარის დიზაინზე კომპანია Kollektiv-ი მუშაობდა. ეროვნული ლიგის ჯილდოზე იუველირმა გოგა ელბაქიძემ იმუშავა. ფარი თეთრ ოქროშია ამოვლებული, 55 სმ დიამეტრისაა და 10 კგ-ს იწონის. ჩემპიონის ფარზე, ხევსურული ორნამენტების გარდა, ასევე გამოსახულია 1990 წლიდან მოყოლებული ქვეყნის ყველა ჩემპიონი კლუბი სეზონების მიხედვით.

იდეა შემდეგნაირად დაასაბუთეს: ჩემპიონის ფარი – ძველი ხევსურული ფარის დეტალებს იმეორებს; ხევსურული ფარი დაცვის გარდა, შეტევის ფაზაშიც იმავე წარმატებით გამოიყენებოდა; ამ ფუნქციური ბალანსით, ის ფეხბურთს და ზოგადად, გუნდური შეჯიბრების ხასიათს კარგად ასახავს.

ჩემპიონის ფარი დღეს პირველად ქუთაისის „ტორპედოს“ გადაეცა, რომელმაც „დინამო არენაზე“ გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისის „დინამო“ 1:0 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს მეოთხედ დაეუფლა.

 

 

მსგავსი