ახალი რეიტინგის თანახმად, ინგლისის პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესოა, MLS-ი საუდის არაბეთის ჩემპიონატს უსწრებს #1TVSPORT
ბრიტანულმა სტატისტიკურმა კომპანია Opta-მ მოამზადა მსოფლიოს უძლიერესი საფეხბურთო ლიგების რეიტინგი. სია შედგენილია ელო-ს რეიტინგული სისტემის პრინციპებზე დაყრდნობით.
Opta-ს ანალიტიკოსებმა გაარკვიეს, რომ კარგად ნაცნობი TOP 5 ქვეყნების ჩემპიონატები კვლავინდებურად სათავეში არიან ეროვნული ჩემპიონატების რეიტინგში.
პირველ ადგილზეა ინგლისის პრემიერლიგა. ამ ლიგის 20 გუნდის საშუალო რეიტინგი 48.6 ქულას შეადგენს. საშუალო გუნდური რეიტინგი 0-დან 100-მდე შკალით (სადაც 0 მსოფლიოში ყველაზე უარესი გუნდია, 100 – მსოფლიოში საუკეთესო გუნდი) უდრის 87.1-ს. Opta-ს ვერსიით პლანეტის TOP 10 გუნდში ინგლისიდან შედიან: „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“, „არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“. ყველა ჩემპიონატს შორის პრემიერლიგა ყველაზე წარმომადგენლობითია კლუბების რაოდენობით საუკეთესო ათეულში.
ბევრისთვის სიურპრიზი იქნება ის, რომ მეორე ადგილზე რეიტინგში გერმანული ბუნდესლიგაა. ამაში დიდი წვლილი აქვს „ბაიერნს“, რომელიც მეორე ადგილზეა მსოფლიოს საუკეთესო კლუბების რეიტინგში. 10 საუკეთესოს შორის ასევე არიან „დორტმუნდი“ და „ლაიპციგი“. გერმანული კლუბების საშუალო რეიტინგი უდრის 85.4-ს.
მესამე ადგილზეა ესპანური ლა ლიგა საშუალო რეიტინგით – 84.1. შემდეგ მოდის იტალიური სერია A (83.8), მეხუთეზეა – ლიგა 1 (81.9).
მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო ლიგების ათეულში TOP 5-ს გვერდში უდგანან ბელგია, შვეიცარია, პორტუგალია, ნიდერლანდები და ბრაზილია.
რა ხდება ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოსთან დაკავშირებით? ისინი უკვე დიდი ხანია, ერთ ჩემპიონატში არ მონაწილეობენ და სხვადასხვა კონტინენტზე თამაშობენ. მაგრამ მაინც აგრძელებენ მათ შედარებას. კერძოდ, ახლა ფანები გაცხარებულად კამათობენ იმაზე, რომელი ჩემპიონატია უფრო ძლიერი: MLS თუ საუდის არაბეთის ლიგა?
Opta-ს კვლევების თანახმად, ამერიკული პირველობა უსწრებს ახლო აღმოსავლეთის ჩემპიონატს. MLS-ის გუნდების საშუალო რეიტინგი უდრის 73.2-ს, საუდის არაბეთის ანალოგიური მაჩვენებელია 70.0. MLS-ი მსოფლიოს უძლიერესი ლიგების სიაში 29-ე ადგილზეა, საუდის არაბეთის ჩემპიონატი – 36-ე ადგილზე.