ახალი მწვრთნელით და განახლებული შემადგენლობით - მარტვილის „მერანმა“ მზადება დაიწყო #1TVSPORT
მარტვილის „მერანი“ ახალი სეზონისთვის სამზადისს ახალი მთავარი მწვრთნელის, გივი ხელაიას ხელმძღვანელობით და განახლებული შემადგენლობით შეუდგა.
გუნდი ფინანსური პრობლემების გამო ვარლამ კილასონიამ დატოვა და „მერანი“ ჩაიბარა 36 წლის სპეციალისტმა, რომელიც მანამდე 19-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ.
გუნდში ბევრი ახალწვეულია. „მერანი 2“-დან დააწინაურეს მეკარე საბა ქაჯაია, მცველები გიორგი გეგეჭკორი, ნიკა ჭუმბურიძე და დათო თოდუა, ნახევარმცველები კირილე ერქვანია, ერასტო სმირნოვი და ნიკა კიტია, ასევე თავდამსხმელი ლუკა არჩაია, რომელიც „დინამო თბილისის“ აღზრდილი ნიჭიერი მოთამაშეა.
„მერანის“ ღირსებას ასევე დაიცავენ მეკარეები – 21 წლის მეკარე ლუკა ნანავა (ფოთის „კოლხეთი 1913“) და 17 წლის ავთანდილ სიჭინავა („დინამო თბილისის” აკადემია), ნახევარმცველები – 18 წლის საბა კვეტენაძე („სამტრედია“), 21 წლის როინ ჩხაიძე (ლანჩხუთის „გურია“) და 22 წლის გურამ ლეჟავა (დუშეთის „არაგვი“), ასევე 21 წლის ცენტრალური მცველი მაცი დაგარგულია („ლოკომოტივი 2“).
ეროვნული ლიგა 2-ის 2023 წლის სეზონი 28 თებერვალს დაიწყება – „მერანი“ პირველი ტურის მატჩს საკუთარ არენაზე ხობის „კოლხეთის“ წინააღმდეგ გამართავს.