ახალი კოვიდინფიცირებულებიდან ორი „თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ იმყოფება, მათ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ
ახალი კოვიდინფიცირებულებიდან ორი „თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ იმყოფება, მათ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ

„თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან“ ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის გაგზავნილი 34 სინჯიდან, ორ პაციენტს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

აღნიშნულ პაციენტებს დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ.

„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში იმყოფება სულ 43 პაციენტი. გუშინ მიღებულია 33, გაგზავნილი 34 ანალიზიდან მოვიდა ორი დადებითი პასუხი, ორივე დღეს გადაყვანილი იქნება პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. რეანიმაციაში ამჟამად არც ერთი პაციენტი არ წევს“, – განაცხადა „თბილისის ზღვის ჰოსპიტლის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხ ბექაიამ.

ამასთან, მისი განმარტებით, ორი ახალი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები არ არიან და მათი კლასტერის დადგენაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

რაც შეეხება აღნიშნული ჰოსპიტლის მედპერსონალის ინფიცირებულ წარმომადგენლებს, მარეხ ბექაია ამბობს, რომ მათ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტი არ ჰქონიათ, შესაბამისად, მიმდინარეობს წყაროს კვლევა.

„არც ერთ პაციენტთან არ ჰქონია მედპერსონალს კომუნიკაცია. ამ საქმეს ვიკვლევთ, რატომ მოხდა მათი დაინფიცირება, ეს არის კლინიკაში დაინფიცირებული შემთხვევა, თუ ეს გარეთ ინფიცირება. ამ დრომდე ჯერ კიდევ დაუდგენელია, რადგან მათ არ უნდა ჰქონოდათ შეხება არც ერთ ინფიცირებულთან“, – განაცხადა „თბილისის ზღვის ჰოსპიტლის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.