ახალი გზა საგზაო ნიშნების გარეშე: სამხრეთ ბულგარეთში 68 საგზაო მაჩვენებელი მოიპარეს

17:47, 19.11.2026
საილუსტრაციო ფოტო

საილუსტრაციო ფოტო

სადოვოს (ბულგარეთი) მუნიციპალიტეტში, სოფელ ახმადოვოსა და პოპოვიცას დამაკავშირებელ ახლად შეკეთებულ გზაზე 68 საგზაო მაჩვენებელი მოიპარეს. საქმეს პოლიცია იძიებს, თუმცა დამნაშავეთა ვინაობის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, სამშენებლო კომპანიას მოპარული საგზაო მაჩვენებლების ახლით შეცვლა მოუწია. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს საგზაო ნიშნების მოპარვის ფაქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მსგავსი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

მოპარული საგზაო ნიშნების უმეტესობა სოფელ ახმადოვოსა და პოპოვიცას შორის ახლად რეაბილიტირებულ მონაკვეთზე იყო დამონტაჟებული. მიმღებ კომისიას ახალი გზის ჩაბარება ყველა საჭირო მიმართულების მაჩვენებელი ნიშნის გარეშე არ შეუძლია. ამიტომ, სარემონტო სამუშაოების შემსრულებელმა სამშენებლო კომპანიამ საგზაო ნიშნების ახალი პარტია შეიძინა და დაამონტაჟა.

დიმიტარ ზდრავკოვი, სადოვოს მუნიციპალიტეტის მერი: „მიუღებელია, რომ ვიღაცამ, პირადი საჭიროებებისთვის, სარგებელი ამ გზით ნახოს და სხვისი ქონება მიითვისოს… ვგულისხმობ იმას, რომ მუნიციპალური ან სახელმწიფო ქონების ქურდობასთან გვაქვს საქმე. ხვალიდან, როგორც კი გზის ეს მონაკვეთი ოფიციალურად გადმოგვეცემა და ჩვენს საკუთრებაში გადმოვა, მის მოვლა-პატრონობას შევუდგებით, ისევე როგორც ყველა სხვა გზის შემთხვევაში. სწორედ აქ ჩნდება კითხვა, რის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამს ბევრი ადამიანი, ვინც გზებზე მოძრაობს: რატომ არ არის გზაზე ნიშნები? რატომ არ აყენებს მათ შესაბამისი მუნიციპალიტეტი ან სახელმწიფო?“

ამჟამად უცნობი ქურდების ქმედებების აღსაკვეთად, პოლიციამ გზის დაცვა უზრუნველყო. პოლიციის თანამშრომლებმა ბულგარეთის ეროვნული ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს დაუდასტურეს, რომ საგზაო ნიშნებს შესაძლო ქურდობისგან იცავენ. მუნიციპალიტეტის მონაცემებით, დამნაშავეები ბოძებს ჭრიდნენ ან პირდაპირ ბეტონის საძირკველიდან იღებდნენ. თუმცა, ადგილობრივი მცხოვრებლების უმეტესობა აცხადებს, რომ დაკარგული საგზაო ნიშნების შესახებ არაფერი იცის.

ვასილი, სოფელ ახმადოვოს მკვიდრი: „არაფერი დამინახავს. სულ ეს არის“.

იორდან იორდანოვი, სოფელ ახმადოვოს მერი: „ახლა, როცა ეს გზა აშენდა, იმის ნაცვლად, რომ ხალხი გახარებული, კმაყოფილი იყოს და მადლიერებას გამოხატავდეს, ასეთი რამ ხდება. საგზაო ნიშნების ბოძები რკინისაა, ფოლადის, 60 მილიმეტრი დიამეტრის. მათი გამოყენება, პრაქტიკულად, ყველაფრისთვის შეიძლება“.

ერთი საგზაო ნიშნის ღირებულება დაახლოებით 60 ევროა. შესაბამისად, მთლიანი ზარალი 4000 ევროს არ აღემატება. თუმცა, საგზაო უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე ექმნება და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი იზრდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის ელემენტების ქურდობა ბულგარეთში წლებია ხდება.

ყველაზე გახმაურებული იყო შემთხვევაა, როდესაც იამბოლის მახლობლად, თრაკიის ავტომაგისტრალზე ასობით მეტრი გზის დამცავი ბადე გაქრა, რომელიც მოგვიანებით ავტომაგისტრალის მიმდებარე სოფლების ეზოებში აღმოაჩინეს.

ასევე გახმაურდა 2016 წელს მარიცის ავტომაგისტრალიდან ფრინველებისგან დამცავი ბადის გაქრობის ფაქტი და სოფიაში, ჩრდილოეთის ჩქაროსნულ შემოვლით გზაზე, ხმაურისგან დამცავი პანელების მოპარვა.

სტატიის და ფოტოს ავტორი: ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ – Българска национална телевизия)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი, 2026 წელი, 08:23 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი