ახალი ავტომობილებისთვის მოციმციმე სამუხრუჭე ფარები ევროკავშირში სავალდებულო ხდება

15:15, 13.07.2026
საილუსტრაციო ფოტი

საილუსტრაციო ფოტი

ეს ტექნოლოგია, სავარაუდოდ, უკნიდან შეჯახებებსა და ჯაჭვურ ავარიებს შეამცირებს

 

ევროკავშირში მწარმოებლებისთვის ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომელიც სამგზავრო ავტომობილებისა და მსუბუქი კომერციული სატრანსპორტო საშუალებების სამუხრუჭე ფარების ახალ სტანდარტს აწესებს. ევროკავშირის რეგულაცია ავტომობილების მწარმოებელ კომპანიებს მიმდინარე თვიდან ავალდებულებს, რომ ყველა ახალ მოდელზე მყისირი დამუხრუჭების გამაფრთხილებელი სისტემა დაუმონტაჟონ. აქამდე ეს ტექნოლოგია საშუალო და პრემიუმ კლასის ავტომობილებში დამატებითი ოფციის სახით იყო ხელმისაწვდომი, თუმცა ახლა ის ევროკავშირში გაყიდული ყველა ახალი ავტომობილისთვის სავალდებულო ხდება. ვარაუდობენ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს უეცარი დამუხრუჭებით გამოწვეულ უკნიდან შეჯახების შემთხვევებს.

ავტომობილის მართვის დროს, ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიგნალი მანქანის სამუხრუჭე ფარებია. ისინი მანამ ანთია, სანამ მძღოლს სამუხრუჭე პედალზე უდევს ფეხი. თუმცა, მყისიერი დამუხრუჭების შემთხვევაში, ახალი ტექნოლოგია სხვაგვარად მუშაობს – უკანა ფარები სწრაფად იწყებს ციმციმს, რათა მოძრაობის სხვა მონაწილეების ყურადღება უმალვე მიიპყროს.

თეოდორ პოპოვი: „ეს მძღოლებს ამცნობს, რომ მანქანა ჩვეულებრივზე უფრო მკვეთრად ამუხრუჭებს; შესაბამისად, ისინი უფრო სწრაფად გაჩერებისთვის მზად უნდა იყვნენ, რადგან ეცოდინებათ, რომ მათ წინ რაღაც სახიფათო ხდება“.

თეოდორი მართავს ავტომობილს, რომელიც ავარიული გაფრთხილების სისტემით არის აღჭურვილი. მისი თქმით, ეს ტექნოლოგია სასარგებლოა, რადგან სხვა მძღოლების ყურადღებას ეფექტიანად იქცევს.

თეოდორ პოპოვი: „ჯაჭვური ავარიების რისკიც შემცირდება, განსაკუთრებით – მაღალი სიჩქარით მოძრაობის დროს. ეს ტექნოლოგია ძალიან კარგად იმუშავებს ავტომაგისტრალებზე, შემოვლით გზებსა და ქალაქგარე გზებზე გადაადგილებისას“.

ახალი სისტემა მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როდესაც ავტომობილი საათში 50 კილომეტრზე მეტი სიჩქარით მოძრაობს, მძღოლი მკვეთრად ამუხრუჭებს და ავტომობილის სიჩქარე უეცრად იკლებს. ექსპერტების შეფასებით, ეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს, თუმცა ბულგარეთში მისი ეფექტი შედარებით გვიან დადგება.

ანგელ პოპოვი, ინჟინერი – საგზაო უსაფრთხოების ექსპერტი: „ღმერთმა ქნას, ეს უფრო მალე მოხდეს, მაგრამ ჩვენ ხომ ევროპაში ყველაზე ძველი ავტოპარკი გვაქვს! ყველაზე ნაკლებ ახალ მანქანას ევროპაში ჩვენ ვყიდულობთ, ბულგარელების უმეტესობა მეორად მანქანებს იძენს. არადა, ეს უაღრესად სასარგებლო სისტემაა“.

აქაური მძღოლების უმეტესობა, ავარიული დამუხრუჭებისას, სხვაგვარად აფრთხილებს მის უკან მომავალ ავტომობილებს. პლოვდივიდან ასენოვგრადისკენ საათში დაახლოებით 80 კილომეტრის სიჩქარით მივდივართ. თუ უეცრად დამუხრუჭება მოგვიწევს, ჯერ სამუხრუჭე პედალს ვაწვებით, შემდეგ კი, როცა დავრწმუნდებით, რომ ავარია თავიდან ავიცილეთ, საავარიო მაშუქებს ვრთავთ. მძღოლები ამ სიახლეს დადებითად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ ის საგზაო შემთხვევების შემცირებას შეუწყობს ხელს.

თოდორ პოპოვი: „როდესაც სამუხრუჭე ფარები ციმციმებს, ეს გაცილებით სწრაფად შესამჩნევია, ვიდრე თავად მძღოლის მიერ საავარიო მაშუქების ჩართვა. ამიტომ ვფიქრობ, ეს სისტემა უფრო ეფექტიანი იქნება“. ბლაგოი ზაპრიანოვი: „ეს ნამდვილად გაზრდის უსაფრთხოებას, რადგან მყისიერად მიიპყრობს ყურადღებას, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. გზაზე, იქნება ეს დამუხრუჭება თუ სხვა მანევრი, ყოველთვის სხვებზეც უნდა ვიზრუნოთ და არა მხოლოდ საკუთარ თავზე“. თეოდორ პოპოვი: „ეს ერთი შეხედვით უბრალო ცვლილებებია, მაგრამ ის ადამიანების სიცოცხლეს იხსნის, და სწორედ ეს არის მთავარი.“

ახალი სისტემა უკვე სავალდებულო სტანდარტია ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების წარმოებისთვის. ევროკავშირის უსაფრთხოების ახალი მოთხოვნები ავტომობილების ფასს, სავარაუდოდ, არ გაზრდის.

ანგელ პოპოვი: „ეს სისტემა მილიონობით ავტომობილისთვის დამზადდება, ამიტომ მანქანის ფასზე გავლენას არ მოახდენს.“

უსაფრთხოების სისტემები სულ უფრო ხშირად ხდება ავტომობილების ქარხნული, სტანდარტული აღჭურვილობის აუცილებელი ნაწილი. ამიერიდან მძღოლის ყურადღების მიპყრობის გამაფრთხილებელი სისტემით ყველა ახალი ავტომობილი ასევე სავალდებულო წესით აღიჭურვება.

 

სტატიის და ფოტოს ავტორი: ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ)

 თავდაპირველად გამოქვეყნდა: 13 ივლისი, 2026, 11:21 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი